საქართველოში ცივი იარაღით ვაჭრობა და იმპორტი შესაძლოა, ლიცენზირებადი საქმიანობა გახდეს
საქართველოში ცივი იარაღით ვაჭრობა და იმპორტი შესაძლოა, ლიცენზირებადი საქმიანობა გახდეს

საქართველოში ცივი იარაღით ვაჭრობა და იმპორტი შესაძლოა, ლიცენზირებადი საქმიანობა გახდეს. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სთავაზობს.

„იარაღის შესახებ” კანონში მომზადებული ცვლილებებით, ლიცენზიას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს. კანონპროექტში ნათქვამია, რომ პირს, რომელიც ახორციელებს ცივი იარაღით ვაჭრობას, გარკვეული ვადა მიეცემა, რათა მომსახურების სააგენტოს ლიცენზიის მისაღებად მიმართოს.

ამასთან, პროექტში აღნიშნულია, რომ ცივი იარაღით ვაჭრობის შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია, დაიცვას მთელი რიგი მოთხოვნები, მათ შორის, უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული ცივი იარაღის აღრიცხვა, ცივი იარაღის რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ ნასამართლობის არმქონე სრულწლოვან პირზე, უზრუნველყოს ცივი იარაღის შენახვის უსაფრთხოება და სხვა.

ასევე, პროექტში აღნიშნულია, რომ ცივი იარაღის იმპორტის უფლება ენიჭება მხოლოდ ცივი იარაღის ვაჭრობის უფლების მქონე პირს და ფიზიკური პირის მიერ ისეთი არაკომერციული მიზნით, როგორებიცაა, სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, გამოფენა/ექსპონირებისთვის, ან პირადი სარგებლობისთვის, ასეთ შემთხვევაში ცივი იარაღის საქართველოში შემოტანის ან გატანის წესს დაარეგულირებს ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანება.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება იარაღის ბრუნვაზე განახორციელოს კონტროლი და მეწარმე სუბიექტები ადგილზე შეამოწმოს.

ამასთან, ინიციატივით განსაზღვრულია, რომ ლიცენზიას არ საჭიროებს – ცივი იარაღის ის სახეობები, რომელიც განკუთვნილია საოჯახო, საყოფაცხოვრებო, საკანცელარიო, სასოფლო-სამეურნეო, სახელოსნებო, სასუვენირო დანიშნულებისთვის ან წარმოადგენს ეროვნული ტანისამოსის ატრიბუტიკის ნაწილს ან გამოიყენება სხვა მსგავსი მიზნებისთვის; ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული იარაღის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, აგრეთვე, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღის რეალიზაცია.

დატოვე კომენტარი