საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართული კომპანიისგან 100 000 ლარის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას გეგმავს
საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართული კომპანიისგან 100 000 ლარის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას გეგმავს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართული კომპანიისგან პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს.

კელი დეგნანი მიმართვაში COVID-19-ზე რეაგირებისთვის აშშ-ის მიერ საქართველოს დახმარებაზე საუბრობს.

ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მრავალ უწყებას შეაქვს წვლილი საქართველოს დახმარების საქმეში, მათ შორის, საქართველოს ეხმარება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიც.

„საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, აღნიშნული ნივთები ქართული კომპანიისგან იქნება შესყიდული.

„ჩვენ ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომელიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ვიყიდოთ ის, რაც ქართველებს სჭირდებათ, ქართველი მწარმოებლებისგან, ეს კი ორმაგად მომგებიანია“, – აცხადებს კელი დეგნანი მიმართვაში, რომელიც საელჩოს ფეისბუქგვერდზეა განთავსებული.