საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - უკრაინელებმა და ქართველებმა ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირის გამყარება აირჩიეს, არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ამ გზას ხელი შეუშალოს
უკრაინელებმა, როგორც ქართველებმა, ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირის გამყარება აირჩიეს. არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს ამ გზას მათი მომავლისკენ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა რაიან ჰარისმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„დღეს მინდა, გესაუბროთ რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ უსაფრთხოების მოვლენებზე. დეკემბრიდან მსოფლიომ იხილა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზება. ქართველები რუსეთს კარგად იცნობთ, თქვენ იცით, რომ რუსეთის აგრესია ახალი არ არის. როგორც უკრაინასა და მოლდოვაში, რუსეთს საქართველოშიც აქვს ტერიტორიები ოკუპირებული. თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი. ამ კვირის დასაწყისში, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისინი სიტუაციის დეესკალაციას და სამხედრო ძალების გაყვანას აპირებდნენ. სამწუხაროდ, რუსეთის ქმედებები არ შეესაბამება მათ სიტყვებს. ქართველებმა ყველაზე კარგად იცით რუსეთის ცარიელი დაპირებების შესახებ. ეს საკუთარმა ისტორიამ გასწავლათ 1801 წელს, 1921 წელს და 2008 წელს.
როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, „მოქმედებები სიტყვებზე ხმამაღლა მეტყველებს“. სამწუხაროდ, რუსეთის მტკიცების მიუხედავად, ახლა მზადყოფნაშია რუსული ძალების 150 ათასი სამხედრო მძიმე შეიარაღებით და დამხმარე ტექნიკით, რომელსაც სწრაფად შეჭრა შეუძლია. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ვუშვებთ, რომ რუსეთი შეეცდება, შექმნას საბაბი თავდასხმისთვის. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც იგივეს ხედავენ.
აშშ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, კვლავ დიპლომატიური გზებით ცდილობს ამ კონფლიქტის მოგვარებას. ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ დეესკალაციის შანსს, მაგრამ არ ვთმობთ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებასა და თვითგამორკვევას. რუსეთი აცხადებს, რომ ეძებს მშვიდობიან გამოსავალს, თუმცა რუსეთმა ეს კონკრეტული მოქმედებით უნდა დაადასტუროს.
უკრაინელებმა, როგორც ქართველებმა, ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირის გამყარება აირჩიეს. არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს ამ გზას მათი მომავლისკენ.
აშშ უკრაინის გვერდით იდგება, ამერიკა იდგება საქართველოს გვერდით, რომელმაც აირჩია დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება. თუ რუსეთი არაფრად ჩააგდებს ჩვენს დიმპლომატიურ მცდელობებს და ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი. თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი პარტნიორების პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი. ჩვენ არ ვირჩევთ დაპირისპირებას, ჩვენ გვირჩევნია, რომ ვიმუშაოთ ერთად, რათა ვებრძოლოთ გლობალურ პანდემიასა და სხვა მრავალ გადაუდებელ საერთო პრობლემას. დიპლომატია არის ერთადერთი გონივრული გზა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. ჩვენ მტკიცედ და ერთად ვდგავართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – აცხადებს რაიან ჰარისი.