საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. კელი დეგნანის ფიცის დადების ცერემონიას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი დაესწრო.
თეთრმა სახლმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი სექტემბერში წარადგინა, სენატმა კი დეკემბერში დაამტკიცა.
ამ პოზიციის დაკავებამდე, კელი დეგნანი მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიაში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კოსოვოში. 25-წლიანი კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი მუშაობდა პოლიტიკურ მრჩევლად ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობაში, უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის პოზიციაზე ავღანეთში, სალერნოს ბრიგადის საბრძოლო ჯგუფში და თურქეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. კელი დეგნანი იყო სახელმწიფო მდივნისა და პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის სპეციალური მოადგილე. მას მიღებული აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი ნორსვესტერნის უნივერსიტეტში და სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.
კელი დეგნანი არის სახელმწიფო მდივნის ESA ჯილდოს მფლობელი და საუბრობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებზე.