საქართველოსა და თურქეთის გავლით, პირველად, აზერბაიჯანული გაზი საბერძნეთის საზღვართან მივიდა
აზერბაიჯანული გაზი „შაჰ-დენიზი 2“-ის საბადოდან, საქართველოსა და თურქეთზე გამავალი მილსადენით, პირველად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს – საბერძნეთის საზღვართან მივიდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) იუწყება.
„გაზი, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვარზე „შაჰ-დენიზიდან“ 2018 წლის 23 იანვარს მივიდა, აზერბაიჯანისთვის ისტორიულ-ეროვნული ხსნის დღეს უკვე ევროპულ საზღვარზეა“, – წერია SOCAR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„შაჰ-დენიზის“ საბადოდან ევროპაში გაზის მიწოდება სამხრეთის გაზის დერეფნის მეშვეობით მოხდება, რომლის შემადგენელი ნაწილია აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი სამხრეთკავკასიური მილსადენი, თურქეთში მდებარე ტრანსანატოლიური მილსადენი და საბერძნეთში, ალბანეთსა და იტალიაში მშენებარე ტრანსადრიატიკული მილსადენი.