საქართველოსა და ინდოეთის პრეზიდენტებმა საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გააქტიურების მზადყოფნა გამოხატეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ინდოეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რამ ნათ კოვინდს ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინდოეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმაღლესი შეფასება მისცა პანდემიის პერიოდში კორონავირუსთან ბრძოლისას საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და მიღებულ ზომებს.
„სატელეფონო საუბარი შეეხო პოსტპანდემიისას ეკონომიკების გახსნის სტრატეგიებსა და ამ კონტექსტში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობას. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საჰაერო მიმოსვლის გახსნა მნიშვნელოვანია საქართველოს უნივერსიტეტებში სასწავლებლად ჩამოსული ინდოელი სტუდენტებისათვის. მხარეებმა განიხილეს სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების მნიშვნელობა პანდემიის შემდგომ პერიოდში. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ ინდოეთში არსებული მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის გამოცდილება გაიზიაროს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საუბრისას პრეზიდენტებმა გამოხატეს მზადყოფნა საქართველოსა და ინდოეთს შორის საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებისა და გააქტიურების შესახებ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. საუბარი შეეხო საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას და როგორც ინდოეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით ინდოეთის მთავრობაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გააქტიურებისა და გაღრმავებისთვის საელჩოს გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.