საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება ამ ეტაპზე გადაიდო
საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება ამ ეტაპზე გადაიდო

საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება ამ ეტაპზე გადაიდო, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს. დელი-თბილისი-დელის მიმართულებით რეისების განხორციელებას ავიაკომპანია „ინდიგო“ (IndiGo) 2020 წლის მარტიდან გეგმავდა.

„ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გარკვეული შიდა ორგანიზაციული მიზეზების გამო, „ინდიგომ“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული მიმოსვლის დაწყება ამ ეტაპზე გადადო. როგორც ავიაკომპანიიდან სააგენტოს აცნობეს, კომპანიაში ახორციელებენ ახალი საერთაშორისო მიმართულებებით ოპერირების დაწყების პროცესის გადახედვას და ამ ეტაპისთვის, ვერ აკონკრეტებენ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების ზუსტ თარიღს“, – აღნიშნავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

უწყებამ ავიაკომპანია „ინდიგოს“ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 30 ოქტომბერს მიენიჭა. სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის (ზამთრის სანავიგაციო სეზონი) თანახმად, ავიაკომპანია ოპერირების დაწყებას 2020 წლის 5 მარტიდან გეგმავდა.