საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, ხოლო ჰონგ-კონგის სახელით, კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა, ედვარდ იუა თან-ვამ (Edward YAU TANG-WAH) მოაწერეს ხელი.

შეთანხმებას Belt and Road-ის სამიტის გახსნით ცერემონიაზე ხელი მოეწერა, სადაც ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული შეთანხმება პირველია რეგიონში, რომელიც ჰონგ-კონგმა გააფორმა. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრება, მათ შორის სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ხელმოწერა იყო სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი და შედეგი, რომელიც რეგიონთაშორისი ვაჭრობის გააქტიურებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლის მოლაპარაკებების პროცესშიც ჰონგ-კონგი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ-კონგს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეთა შორის ახალი თაობის შეთანხმება ასევე ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები და სხვა.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჰონგ-კონგი ატარებს ღია ეკონომიკურ პოლიტიკას და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს საკვანძო სატრანზიტო საფინანსო საერთაშორისო ცენტრს. მისი ყოველწლიური სატრანზიტო ტვირთგამტარიანობა 500 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო თავად 60 მილიარდამდე იმპორტს მოიხმარს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

მისი თქმით, ჰონგ-კონგი არის მნიშვნელოვანი ისეთი საექსპორტო პროდუქციისთვის, როგორიცაა  ყველი, უალკოჰოლო სასმელები, სპირტიანი სასმელები, ღვინო, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, თხილი, ხილი, თაფლი, ტექსტილის მზა ნაწარმი, ტყავის სამგზავრო ჩანთები, მეტალის ნაწარმი და სხვა.

შეთანხმების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას მხარეებს შორის და ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7 მილიონიან მაღალ მსყიდველობითუნარიან სამომხმარებლო ბაზარს.