საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება

კორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა, დუგკუნ ანმა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყების ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს. ასევე, გაფორმდა შეთანხმების მოლაპარაკებების პირობების დოკუმენტი.

შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდის გამართვა დაგეგმილია 2024 წლის პირველ კვარტალში.

შეთანხმება დაფარავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, აგრეთვე ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორივე ქვეყანას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. ის შეასრულებს ერთგვარი კატალიზატორის ფუნქციას საქართველოსა და კორეას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში ურთიერთობის გაფართოებას, არამედ უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ ინსტიტუციურ ჩარჩოს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრისთვის“, – განაცხადა გენადი არველაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკების პროცესი მოკლე დროში დასრულდება და კორეასთან საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. მინისტრის მოადგილის თქმით, შეთანხმება ასევე მოიცავს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და სხვა.

ხელმოწერას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში თარაშ პაპასქუა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.