ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ტალინიდან პირველი პირდაპირი რეისი დღეს განხორციელდა. აქამდე ესტონეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.
ტრადიციულად პირველი რეისის, როგორც ჩამომფრენ ისე გამფრენ მგზავრებს, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები – ქართული ღვინო და შოკოლადები დაურიგდათ.
10 სექტემბრიდან, ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, შვიდი ახალი მიმართულებით დაიწყო ფრენების განხორციელება. უკვე შესრულდა ფრენები ეინდჰოვენისა და ბრიუსელის მიმართულებით. ამ დღეებში პირდაპირი რეგულარული რეისები დამატებით კიდევ რამდენიმე ახალი მიმართულებით: ბაზელში, კოპენჰაგენში, პოზნანსა და ბარიში შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის, საქართველოდან შვეიცარიასა და დანიის სამეფოში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდმა დაიწყო ოპერირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული.
ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია „ვიზეარის“ პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს „ვიზეარის“ მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის ხუთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95% გადაიყვანა ( 587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, „ვიზეარი“ ბაზრის ლიდერი გახდა.