საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.
ესპანეთის სამეფოს მინისტრთა საბჭომ უკვე განაცხადა თანხმობა შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს პრეზიდენტისა და მინისტრთა საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა.
შსს-ს ცნობით, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ, მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.
შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობების კატეგორიები და კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B, B+E მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E მართვის მოწმობების გადაცვლისთვის განმცხადებლებს მოუწევთ, ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული.