საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ბაქოში დღეს გაგრძელდება
საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ბაქოში დღეს გაგრძელდება

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ბაქოში დღეს გაგრძელდება. კომისიის სხდომა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების, ლაშა დარსალიასა და ხალაფ ხალაფოვის ხელმძღვანელობით ჩატარდება.

ლაშა დარსალიამ ბაქოში გუშინდელი კომისიის მუშაობასა და განსახილველ საკითხებზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში კომისიების შეხვედრა არ გამართულა. ახლახან მოხდა კომისიების განახლება. წინა კვირას გაიმართა უშუალოდ ჩემი შეხვედრა აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელთან, რომელზეც შეთანხმდა კომისიის მუშაობის დეტალები და გრაფიკი. 1996 წლიდან მიმდინარეობს ეს მუშაობა, ორი მესამედი არის შეთანხმებული, შესათანხმებელია მთელი საზღვრის პერიმეტრის ერთი მესამედი. მათ შორის არის დავით გარეჯის მიმდებარედ სასაზღვრო ზოლი, ასევე სხვა სასაზღვრო ზოლები, რომლებზეც არ არის კომისია ჩამოყალიბებული“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

კითხვაზე – როგორია მოლოდინი, აზერბაიჯანის პოზიცია, ასევე თუ განიხილეს შეხვედრაზე სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები, სადაც ჩანს, რომ დავით გარეჯთან მძიმე ტექნიკაა, ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ მოლოდინზე საუბარი ჯერ ადრეა.

„როცა დასრულდება შეხვედრები, მას შემდეგ გვეცოდინება. ახლა განახლდა მუშაობა და გარკვეულ კონკრეტიკაზე რთულია ლაპარაკი. ახლა უპირველესად მიმდინარეობს პოზიციების განახლება, პოზიციების დაზუსტება მხარეების მიერ და საკუთარი არგუმენტების წარდგენა. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, თითქოს გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს აზერბაიჯანის კონტროლირებად მხარეს და მოვითხოვეთ სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რასთან არის დაკავშირებული. ეს არ არის მთავარი მიმართულება. მთავარი მიმართულებაა, რომ ვმსჯელობთ შეუთანხმებელ მონაკვეთებზე. ერთი რაღაც, რაც ცალსახად შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ ამოვდივართ საკუთარი ინტერესებიდან და ვერანაირი სამუშაოები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ან თუნდაც სადავო ტერიტორიებზე საქართველოს თანხმობის გარეშე ცალსახად ვერ განხორციელდება. ვნახოთ, დაველოდებით, რა დეტალები იქნება მოწოდებული და იმის მიხედვით დავსახავთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებებს“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

კითხვაზე, გავრცელებულ კადრებში სად მიმდინარეობს სამუშაოები, აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე თუ სადავო ტერიტორიაზე, ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ან თუნდაც სადავო მონაკვეთზე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება საქართველოს თანხმობის გარეშე.

„საკითხი რთულია, იმიტომაც არის, ამდენი წელია რომ გრძელდება და ჩვენ ცალსახად ამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან, რაც მათ შორის გულისხმობს, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა შეძლონ შეთანხმება და ერთიანი პოზიციის შეჯერება აღნიშნულ საკითხებზე“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.