ლაშა დარსალია - თამაზ გინტურის მკვლელობა არ იყო ინციდენტი, ეს იყო მიზანმიმართული მკვლელობა, ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე სწორედ ამ კონტექსტში დასვამს საკითხს
ლაშა დარსალია - თამაზ გინტურის მკვლელობა არ იყო ინციდენტი, ეს იყო მიზანმიმართული მკვლელობა, ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებზე სწორედ ამ კონტექსტში დასვამს საკითხს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის წინ ფონი არის მძიმე როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა მნიშვნელოვნად ართულებს ვითარებას ამ რაუნდის წინ.

როგორც დარსალიამ აღნიშნა, საქართველოს მოქალაქის მკვლელობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა.

,,ფონი არის საკმაოდ მძიმე როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. პირველ რიგში, ეს შეეხება საქართველოს მოქალაქის მკვლელობას. ეს მნიშვნელოვნად ართულებს ვითარებას ამ რაუნდის წინ. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ძალის გამოყენების მაგალითი და პირდაპირი დარღვევა ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა. ეს არ იყო რაიმე ინციდენტი, ეს იყო მიზანმიმართული მკვლელობა და მაგალითი ძალის გამოყენებისა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. სწორედ ამ კონტექსტში იქნება ეს საკითხი დასმული ქართული მხარის მიერ. ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა, შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით ჟენევაში იმყოფება. დღევანდელი დღე თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხევდრებს დაეთმობა, ხვალ კი ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი ოფიციალურად დაიწყება.