საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ბაქოს ოლიმპიურ სასროლეთზე ემზადება
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ბაქოს ოლიმპიურ სასროლეთზე ემზადება

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ბაქოს ოლიმპიურ სასროლეთზე ემზადება.

17-დან 25 თებერვლის ჩათვლით უნგრეთის ქალაქ დიორში ტყვიით სროლაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ექვსი ქართველი მიიღებს მონაწილეობას.

ქალთა ტურნირში მხოლოდ ერთი მონაწილე, ევროპის სამგზის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, ვაჟებში კი მისი ვაჟი, ახალგაზრდებში გუნდურში ევროპის მესამე პრიზიორი ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე მოსინჯავენ საკუთარ ძალებს.

უმცროსი ასაკის შეჯიბრზე გოგონებში ქუთაისელთა დუეტი – ახალგაზრდებში პირადში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძე და ლიზი კილაძე, ბიჭებში კი თბილისელი აკაკი მოსულიშვილი გამოვლენ.

ეს სამეული პარალელურად მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირშიც იასპარეზებს, რომელიც ჩემპიონატის პირველივე საშეჯიბრო დღეს 27 თებერვალს გაიმართება.

საგზურის მოსაპოვებლად მათ სამეულში მოხვედრა უნდა შეძლონ. სალიცენზიო ტურნირის შემდეგ ჩემპიონატი ახალგაზრდების შეჯიბრებით გაგრძელდება და ისინი პირად პირველობამდე ჯერ შერეულ წყვილებში გამოვლენ.

ახალგაზრდები შერეულ წყვილში 20 თებერვალს ისვრიან, მეორე დღეს კი ამ ასაკის სპორტსმენები პირად პირველობაში ცდიან ბედს. უფროსი ასაკის მსროლელები საკუთარ ძალებს 24 თებერვალს მოსინჯავენ.