მეათედ ოლიმპიურ თამაშებზე - ლეგენდარული ნინო სალუქვაძე 55 წლისაა #1TVSPORT
მეათედ ოლიმპიურ თამაშებზე - ლეგენდარული ნინო სალუქვაძე 55 წლისაა #1TVSPORT

ლეგენდარულ ქართველ ტყვიის მსროლელს, ნინო სალუქვაძეს დღეს 55 წელი შეუსრულდა.

მან 2023 წლის 26 ივნისს ევროპულ თამაშებზე, 25 მეტრზე ტყვიის სროლაში საუკეთესო ოთხეულში შესვლა მოახერხა, რითიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზია გაინაღდა და კარიერაში მეათედ იასპარეზებს ოლიმპიურ თამაშებზე.

მეათედ ოლიმპიურ თამაშებზე – ამ მაჩვენებლით სალუქვაძე კანადელ ცხენოსანს, იან მილარს გაუთანაბრდება.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ათ ოლიმპიადაზე ქალ სპორტსმენს ჯერ არ უასპარეზია. ნინო სალუქვაძე ასევე ერთადერთი ქალია, რომელმაც ცხრა ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.

ნინო 19 წლის იყო, როდესაც 1988 წელს სეულში, სპორტული პისტოლეტით სროლაში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იმავე ოლიმპიადაზე მან პნევმატური პისტოლეტით სროლაში ვერცხლის მედალიც დაისაკუთრა.

2008 წელს, მაშინ როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, პეკინის სასროლეთზე ნინო სალუქვაძე რუს მსროლელ ნატალია პადერინას ეჯიბრებოდა. სალუქვაძემ – ბრინჯაოს, ხოლო პადერინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის დროს კი სპორტსმენებმა ერთმანეთი გადაკოცნეს და ომის შეწყვეტის შესახებ გზავნილები გააჟღერეს.

2016 წელს ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი გახდნენ პირველი დედა-შვილი, ვინც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე ერთად იასპარეზეს.

ნინო სალუქვაძის პირადი მწვრთნელი მამა, ვახტანგ სალუქვაძეა და როგორც თავად ამბობს, მეათე ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობისკენ სწორედ მამამ და მისმა ვაჟმა, ცოტნე მაჭავარიანმა უბიძგეს.

ნინო სალუქვაძე მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია.