საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, დანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, დანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი (ტანკერი) STEN NEPTUN დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პირველი პრიმა მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დაიწყეს.
„გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა“, – აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.