საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის რესპუბლიკისგან ნატო-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები გადაეცა

თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალებმა ახალი, ნატო-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები (VURAN) მიიღო. მაღალი გამავლობის ჯავშანტექნიკის გადმოცემის ცერემონიალი ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე სერგო ჯანელიძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი და თავდაცვის ატაშე დაესწრნენ.

ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიის, ASFAT-ის გენერალური მენეჯერიც. VURAN-ის ტიპის ჯავშანმანქანები აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატო-ს სტანდარტების შესაბამისია.

საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანმანქანებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.