ქართველმა სამხედროებმა აშშ-ში გამართულ „საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრში“ იასპარეზეს
ქართველმა სამხედროებმა აშშ-ში გამართულ „საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრში“ იასპარეზეს

აშშ-ის ჯორჯიის შტატში გამართულ „საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრში“ ქართველმა სამხედროებმა წარმატებით იასპარეზეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა შეჯიბრებიდან დაბრუნებულ სამხედროებს, უმცროს სერჟანტ პაატა საბიაშვილსა და კაპრალ-სპეციალისტ ირაკლი ნოზაძეს წარმატება მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ქართველი და ამერიკელი სამხედროები სროლებში, სრული აღჭურვილობით მარშნახტომში, ფიზიკური ნორმატივის ჩაბარებაში, სამხედრო ტოპოგრაფიაში, საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, კავშირგაბმულობის კუთხით, ასევე რქბ გარემოსა და წყალში მოქმედებაში შეეჯიბრნენ.

„საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრი“ საქართველოს თავდაცვის ძალების აშშ-ის ჯორჯიის შტატთან 30-წლიან თანამშრომლობას მიეძღვნა და მასში საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა.