საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, რობ ბაუერს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, რობ ბაუერს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა.

ნატო-ს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს.

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატო-ს უმაღლეს სამხედრო წარმომადგენელს საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი და გრძელვადიანი განვითარების პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და პერსპექტივებზე.

აღინიშნა თავდაცვის ძალების განვითარებასა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერებაში ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელოვანი როლი. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.

ადმირალ ბაუერთან შეხვედრის შემდეგ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დეტალები გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის დირექტორთან, გენერალ ლეიტენანტ იანუშ ადამჩაკთან განიხილა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს, ნატო-საქართველოს სწავლების დაგეგმვის საკითხსა და სამხედრო თანამშრომლობის სხვა მიმართულებებს.

ნატო-ს შტაბბინაში თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გერმანელ, ფრანგ, რუმინელ და სლოვაკ კოლეგებს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.