მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე და ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რეგიონის წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებს, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და წინასაარჩევნო გარემოს.

მარიამ ლაშხის თქმით,  წელს მთელ მსოფლიოში მიმდინარე და დაგეგმილ 100-მდე არჩევნებში მთავარი გამოწვევა არის დეზინფორმაცია.

საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და ამ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა.

„გვქონდა დისკუსია და გავაკეთეთ განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რატომ გახდა საჭირო აღნიშნული კანონპროექტის ინიციირება, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს 25 000 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაც, არსებული კანონმდებლობით, არ აქვთ გამჭვირვალობის ვალდებულება. სამწუხაროა, რომ კანონის ირგვლივ არ არსებობს ჯანსაღი, ლეგიტიმური და შინაარსობრივი განხილვა როგორც ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო სექტორის მხრიდან. ისინი არ შემოდიან შინაარსობრივ განხილვაში, რაც ასევე პრეზიდენტის ვეტოდანაც ჩანს“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.