31 წლის წინ, 30 აპრილს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაიწვიეს წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში. სწორედ ეს მოვლენა გახდა საქართველოს თავდაცვის ძალების დღის შექმნის საფუძველი.
დღეს საქართველო თავდაცვის ძალების დღეს ზეიმობს. 31 წლის იუბილე თავდაცვის ძალებმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე აღნიშნეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას.
თავდაცვის ძალების დღის ოფიციალური ნაწილი სამწყობრო მოედანზე გაიმართა, სადაც კოლოფებად მოწყობილი იყო თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის, სამხედრო სასწავლებლების, ყველა სარდლობისა და ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა. კოლოფებს შორის წარმოდგენილი იყვნენ რეზერვისტებიც. საზეიმო ღონისძიება საპატიო ყარაულის მიერ მარშის თანხლებით საქართველოს სახელმწიფო დროშისა და თავდაცვის ძალების სეფე დროშის შემოტანით დაიწყო. ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრმა კი, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა, რასაც ქვემეხებიდან გასროლილი საზეიმო ბათქების ხმა მოჰყვა.
პირად შემადგენლობას ქართული ჯარის იუბილე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას მათ ქვეყნისთვის თავდაცვის ძალების მნიშვნელობასა და როლს გაუსვეს ხაზი და თავდაცვის ძალებს გაძლიერება და წინსვლა უსურვეს. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თავდაცვის ძალების დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
ოფიციალური ღონისძიება ცეცხლსასროლი იარაღით, უწყებრივი მედლებით, სამხედრო საათებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოებით გაგრძელდა.
დღესვე ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართული ავიაციის ახლადმოდერნიზებული UH-1 იროკეზის ტიპის ვერტმფრენების ხილვის საშუალება მიეცა. ვერტმფრენებმა ვაზიანის სამხედრო ბაზას საქართველოს დროშით გადაუფრინეს და საზოგადოებას ქართული ჯარის 31 წლის იუბილე მიულოცეს.
ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე გამოფენილი საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული და უცხოური ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. საზოგადოებას პირველად მიეცა სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ სრულად მოდერნიზებული მი-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენების ნახვის საშუალება. ვერტმფრენებთან ერთად მოედანზე პირველად იყო გამოფენილი ქართული სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანა და სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მანქანა, ასევე იყო წარმოდგენილი „დელტას“ მიერ წარმოებული საბრძოლო მანქანები „დიდგორი მეომარი“, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა მედევაკი და ინტეგრირებული ქსელების მანქანა. სტუმრებმა უცხოური წარმოების ატლასისა და სპაიდერის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, საარტილერიო დანადგარები და სისტემები: ლარ160, მსტა, რაფაელი და დანა და საბრძოლო მანქანები ვულფი და ჰამერიც დაათვალიერეს.
ტექნიკის დათვალიერების პარალელურად, ბრიგადის ტერიტორიაზე საწვრთნელი თვითმფრინავიდან სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა საპარაშუტო ნახტომი თავისუფალი ვარდნით განახორციელეს. საპარაშუტო ხტომისას მათ საქართველოს სახელმწიფო დროშა და თავდაცვის ძალების დროშა გაშალეს.