ვლადიმერ ჩაჩიბაია - დღეს თავდაცვის ძალებში გატარებული და მიმდინარე რეფორმები ერთი ერთში პასუხობს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს
ვლადიმერ ჩაჩიბაია - დღეს თავდაცვის ძალებში გატარებული და მიმდინარე რეფორმები ერთი ერთში პასუხობს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს

დღეს თავდაცვის ძალებში გატარებული და მიმდინარე რეფორმები ერთი ერთში პასუხობს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს, – აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია.

„30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. წელს ქართული არმია დაარსებიდან 31-ე წლისთავს აღნიშნავს. საქართველოს კონსტიტუციის მერვე თავის 70-ე მუხლით: ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ჰყავს თავდაცვის ძალები. თავდაცვის ძალებს  შექმნის პირველივე დღეებიდან მოუწია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში ჩაბმა, ყველა ომში რუსეთი ღიად თუ დაფარულად, ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით, საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. ჩვენს მამაც ჯარისკაცებს უთანასწორო ბრძოლებში უწევდათ მტრის მოგერიება. 1999 წლიდან ქართულმა ჯარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, ყველა მისიაში იქნებოდა ეს კოსოვო, ერაყი, ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა თუ მალი, ქართველმა სამხედროებმა ყველგან მაღალი დონის პროფესიონალიზმი აჩვენა, რომელიც აღიარებულია ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. სამწუხაროდ, არცერთ ომს და საერთაშორისო ოპერაციას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. მსურს, ქედი მოვიხარო ყველა დაღუპული სამხედროს წინაშე და მადლიერება გამოვხატო მათი ოჯახების მიმართ. დიდი მადლობა გადავუხადო დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ საკუთარი ჯანმრთელობა გაიღეს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის“, – აცხადებს ვლადიმერ ჩაჩიბაია.

ჩაჩიბაიას თქმით, დიდ პატივისცემას იმსახურებს ასევე ჩვენი სახელოვანი ვეტერანების წვლილი თავდაცვის ძალების აღმშენებლობის საქმეში. როგორც ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა, თავდაცვის ძალები უწყვეტი რეფორმირების პროცესშია და ეს პროცესი დაუსრულებლად უნდა გაგრძელდეს. „რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები და ცვალებად ოპერაციული გარემო გვკარნახობს რეფორმების აუცილებლობას, რომ ფეხდაფეხ მივყვეთ პროცესებს და არ ჩამოვრჩეთ სამხედრო განვითარების დინამიკას“, – აღნიშნავს დეპუტატი.

„ბოლო პერიოდის ომებმა დაგვანახა, რომ თავდაცვის ძალებში გატარებული და მიმდინარე რეფორმები ერთი ერთში პასუხობს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს. დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები პოლიტიკურად ნეიტრალური და სათანადოდ აღჭურვილი სამხედრო ინსტიტუტია“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

დეპუტატის განცხადებით, სამხედროების სოციალური პირობების გაუმჯობესება ხელისუფლების ნომერ პირველი პრიორიტეტია. ამის დასტურია მან მთელი რიგი ფინანსური, სამედიცინო, სასწავლო-საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული და სხვა განხორციელებული  პროექტების შესახებ ისაუბრა.

„ყველა სამხედრო მოსამსახურეს მივულოცავ დღევანდელ დღეს, ვიქნები მიკერძოებული და ვიტყვი რომ სამხედრო სამსახური არის ის სივრცე სადაც ყველაზე მეტად აღიქვამ შენი ქვეყნის სიყვარულს და სადაც ყველაზე მეტად ხვდები შენი როგორც პიროვნების დანიშნულებას-მისიას და ყოველ დღე არ გიჩნდება კითხვა „აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“(ი.ჭავჭავაძე). ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და თავდაცვის ძალების მფარველი. გაუმარჯოს თავდაცვის ძალებს!“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.