ჯუანშერ ბურჭულაძე - წარმატებით განხორციელებულმა მრავალმა პროექტმა ახალი სტიმული მისცა ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას
ჯუანშერ ბურჭულაძე - წარმატებით განხორციელებულმა მრავალმა პროექტმა ახალი სტიმული მისცა ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას

მინდა, თავდაცვის ძალების დღე მივულოცო, თავდაცვის ძალების ყველა წარმომადგენელს, ჩვენს მამაც სამხედროებს, რომელთაც თავიანთი პროფესიონალიზმი და მებრძოლი სული ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში არაერთხელ წარმოაჩინეს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, სამხედროები არიან ქვეყნისა და ხალხისთვის განსაკუთრებულად საპატივცემულო ადამიანები.

„მრავალი თქვენგანის ზურგზე გადაიარა არაერთმა მძიმე განსაცდელმა. ბევრი თქვენგანი გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სამხედროებმა ამაყად ატარეთ ჩვენი ჯარის სახელი, ისე როგორც შეეფერება თქვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს, თავდაცვის ძალებს. თქვენთან ერთად გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ჩვენი ჯარის სათანადო აღჭურვასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას. ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების შედეგად გაძლიერდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობები“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, წარმატებით განხორციელებულმა მრავალმა პროექტმა ახალი სტიმული მისცა ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას.

„მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი. ახალი სტანდარტებით ახლდება ჩვენი ქვეყნის სამხედრო ბაზები და ლოჯისტიკური საშუალებები. ჩვენი მიზანია, ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდეს და მივიღოთ კიდევ უფრო მეტად უკეთ შეიარაღებული, მომზადებული და დაფასებული ჯარი. თანამედროვე თავდაცვის ძალების მშენებლობა და წარმატებები დაფუძნებულია მრავალი სხვადასხვა თაობის სამხედროს პროფესიონალიზმსა და თავდადებაზე. დღევანდელი დღე მინდა, მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, რომლებიც ღირსეულად ემსახურნენ ჩვენს ქვეყანას და ზოგიერთი მათგანი დღესაც აქტიურად დგას თავდაცვის ძალების რიგებში. ასევე, დღევანდელი დღე მსურს, მივულოცო დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს, რომელთაც ჯანმრთელობა გაიღეს ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან დასაფასებელია მათი წვლილი ჩვენი ქვეყნის წარმატებისა და თავისუფლებისათვის, ასევე, მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლაში“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, ქართული ჯარისთვის სიმამაცის და თავისუფლების წყურვილის მაგალითია დაღუპული სამხედროების გმირობა.

„მსურს, ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე. ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ჯარი არასოდეს დაივიწყებს მათ. სწორედ ასეთი მაგალითები აჩვენებს ყველას, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ბოლომდე იბრძოლებს თავისუფლებისათვის. თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს და ჩვენი თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის. დღევანდელ დღეს, როდესაც შავი ზღვის რეგიონში მიმდინარეობს ომი, მნიშვნელოვანია, პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორებთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. კიდევ ერთხელ თითოეულ სამხედროს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვულოცავ დღევანდელ დღეს. ჩვენს ქვეყანას, თავდაცვის ძალებს და თითოეულ თქვენგანს გისურვებთ გაძლიერებასა და წარმატებას“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

დატოვე კომენტარი