საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები გურამ დოჩანაშვილს შეხვდნენ [ფოტო]
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში, სახელოვნებო და სპორტულ კონკურსებში გამარჯვებულ ბავშვებს უმასპინძლა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ 70-მდე მოსწავლეს თანამედროვე კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი შეხვდა.
„თქვენი კეთილგანწყობა დიდ ძალას მაძლევს. ეს მარტო სიხარული არ არის, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მომავალი თაობა ჩვენზე უკეთესი რომ იყოს, ამაში თუ მცირე წვლილი შევიტანე, ეს უდიდესი ბედნიერებაა ჩემთვის“, – მიმართა დამსწრე საზოგადოებას მწერალმა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, ორი დღის წინ პარლამენტმა კენჭი უყარა „ბავშვის უფლებათა კოდექსს“, რომელიც საქართველოს ბავშვებს თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს, იყვნენ რეალიზებულები, წარმატებულები და განვითარებულები.
„დღევანდელი ღონისძიებით გვინდა, ოლიმპიადებში და სხვადასხვა შეჯიბრებაში გამარჯვებული ბავშვები წავახალისოთ, რომ სხვა ბავშვებმაც მიბაძონ მათ და მომავალი თაობა იყოს განათლებული“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
მოსწავლეებს მიმართა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა.
„UNICEF-სთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით იმ მიღწევების რეალობად ქცევა, რომელიც ბავშვთა უფლებებს უკავშირდება. დღევანდელი დღე ეკუთვნის ყველა ბავშვს. მინდა, მოგილოცოთ და გისურვოთ თქვენი მისწრაფებების, ყველა სურვილების განხორციელება“, – განაცხადა ღასან ხალილმა.
შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებს სამახსოვროდ გურამ დოჩანაშვილის წიგნები გადაეცათ და საშუალება მიეცათ, პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობას გაცნობოდნენ.