საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 95 სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე შეემატა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 95 სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მეხუთე საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ცერემონიალს აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ლევან ქავთარაძე დაესწრო.
ფიცის დადებამდე მომავალმა სამხედროებმა საწყისი საბრძოლო მომზადების ათკვირიანი (BCT) კურსი გაიარეს. პროგრამა ანალოგიურია იმ მომზადების, რასაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები გადიან. საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო წესდებები შეისწავლეს.
სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო სამსახურის განმავლობაში სრულყოფილ მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას მიიღებენ სწავლებებში, რაც ქვედანაყოფებში ჩატარდება.
სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები განახლებული პროგრამით 2016 წლის 29 ნოემბრიდან ემზადებიან. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით სარგებლობენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობა აქვთ.