ირაკლი ღარიბაშვილი - სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, განვაცხადო, რომ დღეს ჩვენი ჯარი ბევრად ძლიერია, ვიდრე 2007-2008 წლებში იყო
ირაკლი ღარიბაშვილი - სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, განვაცხადო, რომ დღეს ჩვენი ჯარი ბევრად ძლიერია, ვიდრე 2007-2008 წლებში იყო

საქართველოს თავდაცვის ძალების სიძლიერესა და ქართველი სამხედროების მომზადების მაღალ დონეზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო 2007 ან 2008 წლებში. ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატების, ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნების, ჩვენი პარტნიორების, მეგობრების შეფასება, რომლებიც ერთხმად აღიარებენ, რომ ჩვენი ჯარის, ჩვენი სამხედროების მომზადების დონე თითქმის ორჯერ და მეტჯერ არის გაზრდილი. ჩვენ რამდენიმე წელია, წარმატებით ვამზადებთ ჩვენს სამხედროებს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის დახმარებით, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) ჩვენსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო, წარმატებული მაგალითია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

მინისტრმა, ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის ნოემბერში აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მან ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) სამი წლით გახანგრძლივებას, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ქართულ მხარეს, მეტად მოამზადოს სამხედროები.

მინისტრმა ასევე, განმარტა, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ, ქართულ მხარეს სრული თავისუფლება და შესაძლებლობა ექნება, ყოველგვარი დახმარებისა და მსხვილი ინსტრუქტორების გარეშე, ჩვენი ჯარის მომზადება გააგრძელოს.

მინისტრის თქმით, ქართული ჯარი ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს და მალე განახლდება სპეცტექნიკა.

„ჩემი მთავარი დევიზი გახლავთ სწორედ ის, რომ ჩვენი ჯარი იმსახურებს ყველაფერ საუკეთესოს – საუკეთესო სოციალურ პირობებს, სახელფასო პოლიტიკას, დაზღვევას, საუკეთესო კვებას, საუკეთესო საბინაო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, რომელზეც გადავწყვიტე, რომ 100 მილიონი დავხარჯო ამ წელს და წლის ბოლომდე 250 ობიექტის სრული რეაბილიტაცია დავასრულო. ეს არის ყველა ყაზარმა, დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია, ასევე მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა, პირადი ეკიპირების სრული განახლება. გადაწყვეტილი მაქვს და პრაქტიკულად ბოლო ეტაპზე ვართ ტექნიკის განახლებაზეც. მოგეხსენებათ, 2005-2007 წლების შემდეგ პრაქტიკულად არ განახლებულა ავტოტექნიკა და სპეცტექნიკა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.