30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა
30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა

30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. ქართული არმია დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.

09:30 საათზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეიარაღებული ძალების დღეს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცავენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვდიობისმყოფელების პირველი მასშტაბური სწავლება გაიმართება.

11:00 საათზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში აღნიშნავენ. სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღეს მიულოცავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ქართული არმია პროფესიულ დღეს სიახლეებით ხვდება. წარმოდგენილი იქნება პირველი ქართული ქვედანაყოფი, რომელიც მაისიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მასშტაბურ წვრთნებს დაიწყებს. გამოფენილი იქნება საქართველოს შეიარაღებაში არსებული ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები.

მოგვიანებით კი IV მექანიზებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში თავდაცვის სამინისტროს განახლებული ვებგვერდის, საქართველოს სამხედრო ისტორიის გვერდის, ასევე ისტორიული და სამხედრო-პოლიტიკური თემატიკის ფეისბუქ ტესტების პრეზენტაცია გაიმართება.

ასევე, 11:00 საათზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს სენაკში, II ქვეით ბრიგადაში აღნიშნავენ. სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღეს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი მიულოცავენ.