საქართველოს საპატრიარქო - საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ არ გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები და შექმნა ხალხში დაძაბულობა
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 10 დეკემბერს მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ საპატრიარქოში კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზა) და მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრების წინამძღვრები. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ დარგის სპეციალისტები: ნაუმ ტურაბელიძე, თამარ ქვრივიშვილი, გელა ღლიღვაშვილი.
„ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო მიწის გასხვისების პრობლემაზე. აღინიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკითაც (გაერო-ს სურსათის უსაფრთხოების მსოფლიო კომიტეტის სესია, 2012 წ.) არ შეიძლება მიწა განისაზღვროს მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის საგნად, რასაც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში აქვს ადგილი. იგი პირველ რიგში ისტორიულ-კულტურულ-რელიგიურ-ეკოლოგიური დატვირთვის მქონეა და განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს თუნდაც იმიტომ, რომ ისეთი სიმდიდრეა, რომელსაც ვერ აწარმოებ და ვერ შექმნი.
დიდად გულსატკენია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ არ გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები და შექმნა ხალხში დაძაბულობა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ კონფერენციამ შეიმუშავა მიმართვა ხელისუფლებისთვის.