საპატრიარქო - არაერთ ძალას სურს, ლგბტ მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისთვის, იკვეთება პოლიტიკური ორიენტირებიც და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც
საქართველოს საპატრიარქომ, გრძნობდა რა დაძაბულობის საშიშროებას, რამდენიმე დღის წინ გააკეთა პრევენციული განცხადება, დღეს უკვე ნათელია, რომ ე.წ. ლგბტ-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მღელვარებაა; ნათელია ისიც, რომ არაერთ ძალას სურს, ჩვენთან არსებული ლგბტ მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისთვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც, – ამის შესახებ საუბარია საქართველოს საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში.
„ფაქტია, რომ სურთ ამ აქციის ჩატარება ისეთ გარემოში, სადაც სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის მოსახლეობისთვის ეს ქმედება უზნეობად და ღირსების შელახვად მიიჩნევა და აჩენს სამართლიან პროტესტს ტრადიციული ღირებულებების დამცველ ადამიანებში.
როდესაც ლაპარაკობენ გამოხატვის თავისუფლებაზე, რატომღაც არ ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კანონმდებლობით ეს თავისუფლება, როგორც არააბსოლუტური, შეიძლება შეიზღუდოს, თუ იგი ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ მორალურ ღირებულებებს და ქმნის რეალურ საშიშროებას ხალხში დაპირისპირებისა და შფოთისათვის. ხელისუფლების ვალია, მიიღოს ზომები ქვეყანაში სიმშვიდის დასაცავად.
ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და დღესაც ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, ძალადობისაკენ მოწოდებას და სიძულვილის ენას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ლგბტ ჯგუფების აქტივობების ორგანიზატორები და ხელშემწყობნი, ჩვენი აზრით, იმ ძალების წისქვილზე ასხამენ წყალს, რომელნიც ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას ეწინააღმდეგებიან.
იმედი გვაქვს, რომ საქართველოში აკრედიტირებული საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები გაითვალისწინებენ ამ რეალობას და მათი ძალისხმევა ხელს შეუწყობს სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არაერთხელ განუცხადებია თავისი მხარდაჭერა ქვეყნის დასავლურ ორიენტაციასთან მიმართებაში, რადგან ვიცით, რომ ერთიანი ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვა არ ნიშნავს ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, თვითმყოფადობაზე… უარის თქმას. მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ნუ დაუკარგავენ ამ განწყობას საქართველოს მოსახლეობას“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.