საქართველოს საპატიო კონსულები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს გაეცნენ
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება მეგობარ სახელმწიფოებთან, დეოკუპაცია და სამშვიდობო პოლიტიკა იყო მთავარი საკითხები საპატიო კონსულების კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო სესიაზე, რომელიც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ეხებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპატიო კონსულების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზაციის პროცესში.
„ღონისძიების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა. ღონისძიებაზე კვლავ აღინიშნა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობა და ქვეყნის მტკიცე არჩევანი, გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
საგარეო პოლიტიკისადმი მიძღვნილ პანელზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციას და კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობა.
შეგახსენებთ, რომ პირველად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია – თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის გაიმართა“. კონფერენციას საპატიო კონსულები ესწრებოდნენ 50 ქვეყნიდან“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.