მთავრობამ საპატიო კონსულებს დიპლომატიური ნომრების აღების უფლება აღუდგინა
მთავრობამ საპატიო კონსულებს დიპლომატიური ნომრების აღების უფლება აღუდგინა

საქართველოს მთავრობამ სხვა ქვეყნების საპატიო კონსულებს დიპლომატიური ნომრების აღების უფლება აღუდგინა, რომლითაც დიპლომატები 2014 წლის შემდეგ ვერ სარგებლობდნენ.

საუბარია ავტომობილის წითელი ფერის ნომრებზე, რომელზეც წარწერა თეთრი ფერითაა დატანილი.

საქართველოში სხვა ქვეყნების საპატიო კონსულებს ისეთივე სანომრე ნიშნები ექნებათ, როგორც საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირებს.

საპატიო კონსულების ავტომობილებისთვის დიპლომატიური ნომრების გაცემის ინიციატივით მიმდინარე წლის მარტში დეპუტატი და ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში ბექა ოდიშარია გამოვიდა. თუმცა, შემდეგ ინიციატივა უკან გაიწვია.

24 ივლისს კი, გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო, რითაც ცვლილება შევიდა „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და TEST ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ” 2014 წლის დადგენილებაში.