საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება - მოვუწოდებთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონო ტყვეობაში მყოფი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების გამო, – ამის შესახებ გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის დაკავება არის გაერო-ს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული ჰუმანიტარული ნორმის დარღვევა.
„გვინდა, მოვუწოდოთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, გამოიჩინოს კეთილგონიერება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონო ტყვეობაში მყოფი ექიმი.
უამრავი ადამიანი ცხინვალის რეგიონიდან შეუზღუდავად იღებდა და დღესაც იღებს სამედიცინო დახმარებას ჩვენი ექიმებისგან.
ასევე, მივმართავთ ცხინვალის სამედიცინო საზოგადოებას, იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვზრუნავდით ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობაზე, გამოხატონ სამოქალაქო პოზიცია და ყველა ღონე იხმარონ, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება“, – ნათქვამია საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სავარაუდოდ, ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე-ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.