ბრიტანელი ადვოკატი - საქართველო იმპერიული რუსეთისგან დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, თუმცა თარიღს მწუხარებაც ახლავს, რადგან რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ოკუპაციას
ბატონო პრეზიდენტო, სასამართლოს წევრებო, წელს საქართველო იმპერიული რუსეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, თუმცა დღეს ამ საზეიმო თარიღს მწუხარებაც ახლავს, რადგან რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის აგრესიულ ოკუპაციას, – ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა, ბენ ემერსონმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, რუსეთი არასდროს ეთანხმებოდა საქართველოს არჩევანს და ამ 100 წლის განმავლობაში, არაერთი სამხედრო თუ პოლიტიკური კამპანია მიმართა საქართველოს წინააღმდეგ, რომელთა მიზანი დემოკრატიის სულისა და დამოუკიდებლობის განადგურება იყო.
„ბატონო პრეზიდენტო, სასამართლოს წევრებო, წელს საქართველო იმპერიული რუსეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველო 1918 წლის შემდეგ მიისწრაფვოდა ევროპული სოციალ-დემოკრატიული მოდელის მშენებლობისკენ. რუსეთი არასდროს ეთანხმებოდა აღნიშნულ არჩევანს და ამ 100 წლის განმავლობაში, არაერთი სამხედრო თუ პოლიტიკური კამპანია მიმართა საქართველოს წინააღმდეგ, რომელთა მიზანიც დემოკრატიის სულისა და დამოუკიდებლობის განადგურება იყო.
დღეს ამ საზეიმო თარიღს თან მწუხარებაც ახლავს, რადგან რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის აგრესიულ ოკუპაციას“, – განაცხადა სხდომაზე საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა.
საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბოლო ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს. სხდომაზე საქართველომ საკუთარი პოზიციის წარდგენა უკვე დაიწყო. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) თავმჯდომარეობს. მოსამართლეებს შორის არის საქართველოს წარმომადგენელი – ლადო ჭანტურია, რუსეთს დიმიტრი დედოვი წარმოადგენს. სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები იცავენ.