საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით პარლამენტში ფოტოგამოფენა გაიმართა
17:17, 09.04.2021
საქართველოს პარლამენტში ფოტოგამოფენა გაიმართა, რომელიც მიეძღვნა დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას და დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აღნიშნული მოვლენების ამსახველი არქივებში დაცული დოკუმენტები და ფოტომასალა.
1991 წლის 9 აპრილს მრავალპარტიულმა და დემოკრატიული გზით არჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 31 მარტს საქართველოში საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი გაიმართა და საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98-მა პროცენტმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა.