დიმიტრი ქუმსიშვილი - ახალ წელს ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი ვიქნებით
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად 700 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რათა ქვეყნის ელექტრომომარაგება და მისი სისტემა ყოფილიყო მდგრადი და ასევე გაზრდილიყო სატრანზიტო ფუნქციები, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ სტუმრობისას განაცხადა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, პირველია კავკასიის რეგიონში და პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.
გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო ინფორმაციას კომპანიის, მისი საქმიანობის, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ.
„საახალწლოდ და არამარტო საახალწლოდ ელექტროენერგიით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია. მე ვესტუმრე ჩვენი ქვეყნის მთავარ სადისპეჩეროს, სადაც მივიღე სრული გარანტიები, რომ ახალ წელს ვიქნებით ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში სტუმრობისას.
მინისტრის თქმით, შემდეგი 10 წლის განმავლობაში მინიმუმ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება მხოლოდ ძირითად ინფრასტრუქტურაზე, რამაც ჰიდრო და სხვა ელექტროსადგურებში დამატებით 5-6 მლრდ ევროს ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა უნდა წარმოქმნას“.