საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით პარლამენტში მიღება გაიმართება
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს საზეიმო მიღებას გამართავს.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ღონისძიებაზე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები გამოიფინება.
გარდა ამისა, მიწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშითაა გამოსახული.
ღონისძიება თბილისში, პარლამენტის შენობის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში 14:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბთან და ჰიმნთან ერთად, საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შემოიღეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ, 2004 წლის 14 იანვრიდან შევიდა ძალაში. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეც 14 იანვარს – საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.