სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავენ
სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავენ

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს სხვადასხვა ქვენის საელჩოები ულოცავენ.

საქართველოში აშშ-ის საელჩო მილოცვას „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს და წერს: „გილოცავთ საქართველოს დროშის დღეს“.

მილოცვას სოციალურ ქსელში ავრცელებს თურქეთის საელჩოც – „ვულოცავთ მეგობარ საქართველოს ეროვნული დროშის დღეს!“, – ნათქვამია თურქეთის საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული დროშის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს უკრაინის საელჩოც.

„ძვირფასო ქართველო ძმებო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ!“, – აღნიშნულია საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული დროშის დღეს ულოცავს იტალიის საელჩო.

„დღეს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს ვზეიმობთ. ჩვენი საუკეთესო სურვილები მეგობარ ქართველ ხალხს“, – ნათქვამია იტალიის დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

ამასთან, „ტვიტერში“ მილოცვას ავრცელებს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამი, რომელიც საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას აერთიანებს.

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.