საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი აღდგომის სადღესასწაულო ქადაგებას მრევლისთვის ონლაინრეჟიმში გადასცემს
ბრწყინვალე აღდგომის სადღესასწაულო ქადაგებას მრევლისთვის ონლაინრეჟიმში გადასცემს საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი. ამის მიზეზად კავშირის ხუცესი პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ასახელებს და ამბობს, რომ უჩვეულო რეჟიმში ინტერნეტის მეშვეობით უხდებათ ურთიერთობა, მსახურება, ქადაგების მიწოდება მორწმუნეებისთვის.
„დღეს გამოკეტილია ტაძრები და არა ეკლესია, იმიტომ, რომ ტაძარი ტაძარია და ეკლესია არის ცოცხალი ადამიანების კრებული. ამიტომ, ეკლესიის გულიდან ვერ წაიღებენ ამ დღეს ვერავითარი ძალები“, – განაცხადა საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის ხუცესმა, ლევან ახალმოსულიშვილმა.
ამასთან, მან ქართველ ხალხს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
„არამარტო ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებს, მთელ საქართველოს, ქართველ ხალხს, მინდა, მივულოცო აღდგომა, რომელთანაც არის დაკავშირებული ჩვენი მომავალი ცხოვრება, იმედი და ბედნიერება. ვერანაირი პანდემია, ვერანაირი სხვა ძალა ვერ შეძლებს, რომ ეს ბედნიერება წაართვას კაცობრიობას,რასაც ჰქვია აღდგომა“,- განაცხადა ხუცესმა.