საქართველოს საგარეო უწყებამ საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა დაიწყო
საქართველოს საგარეო უწყებამ საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა დაიწყო

საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო კომუნიკაციაშია ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

​საფრანგეთში, ქალაქ ტულუზას ციხეში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის ნ.ქ. გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს. ოფიციალური ვერსიით, მამაკაცმა სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რასაც ოჯახი არ ეთანხმება. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ხუთი თვის წინ დააკავეს და სამი თვე ჰქონდა დარჩენილი. დედის თქმით, შვილს ტელეფონით ხშირად ესაუბრებოდა და მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემები, რომლის გამოც თავს მოიკლავდა. დედა აღნიშნავს, რომ მისი შვილი ავადმყოფობდა და ციხის ადმინისტრაციისგან საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა.