საგარეო უწყება უახლოეს დღეებში იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანს, რომლებმაც საელჩოს მიმართეს
იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება მოხდება თვითმფრინავით, დიდი ალბათობით, ქალაქ რომიდან. ვმუშაობთ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, საჰაერო ავიაციის დეპარტამენტთან, აეროპორტების გაერთიანებასთან, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს თვითმფრინავის გაგზავნა იტალიის მიმართულებით, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩამოვიყვანოთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩოს ყველა თანამშრომელი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეიქმნა სპეციალური ელექტრონულ მისამართი და გავრცელდა განცხადება, სადაც საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ შეძენილი ან დაჯავშნილი ბილეთები, რომელიც ფრენების შეჩერების გამო გაუქმდა, უნდა მიმართონ საქართველოს საელჩოს რომში, რათა მოხდეს ყველა ასეთი პირის იდენტიფიცირება და მათი საქართველოში დაბრუნება. აუცილებელია მოქალაქეებმა მისამართზე [email protected] გაგზავნონ პასპორტისა და ბილეთის ჯავშნის ასლები.
„დღევანდელი მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ღამის განმავლობაში იმუშავა ჩვენმა საკონსულო სამსახურმა, საელჩომ. ამ ეტაპზე გვყავს 95 ადამიანი, მაგრამ მონაცემები იცვლება, რომელმაც წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, შესაბამის ელექტრონულ მისამართზე, მოხდა დაკავშირება ამ ადამიანებთან. მათ ესაუბრნენ საელჩოს თანამშრომლები და ამ ადამიანების ჩამოყვანას ვგეგმავთ უახლოეს დღეებში“, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.
მინისტრის მოადგილემ, ამჟამად იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა რეისებიც გაუქმდა, თხოვნით მიმართა, რომ სიფრთხილით მოეკიდონ შექმნილ ვითარებას და ხელს ნუ შეუწყობენ დამატებითი მღელვარების დათესვას.
„ერთი თხოვნა მაქვს და მინდა, ხაზი გავუსვა შემდეგს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანთან მოხდა კომუნიკაცია, დღეს დილით შევიტყვეთ და ვნახეთ, რომ ადამიანები, რომლებიც დარჩნენ იქ რეისების გაუქმების გამო, გამოხატავენ შიშს, რომ მათ არ მიხედავს სახელმწიფო და მთავრობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის შექმნილი იმეილის მისამართი, რომელზეც ეს ადამიანები აგზავნიან თავის მონაცემებს. როგორც კი, მონაცემებს იღებს საელჩო, მათ უკან ეგზავნებათ შეტყობინება, რომ მონაცემები არის მიღებული და უახლოესი პერიოდის განმავლობაში, მათთან მოხდება კომუნიკაცია. დღევანდელ დღეს, 95 ადამიანთან მოხდა კომუნიკაცია, 95-ვე ადამიანი არის კონტროლის ქვეშ. მომავალში, თუ ვინმე დააპირებს დარეკვას და გამოგზავნის ინფორმაციას ჩვენს იმეილზე, იყავით დარწმუნებული, რომ საქართველოს საკონსულო და საელჩო იტალიაში, დაგიკავშირდებათ უახლოესი პერიოდის განმავლობაში. ნუ ინერვიულებთ, საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს მიხედავს და მიაქცევს ყურადღებას“, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.
მინისტრის მოადგილის კომენტარს საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.