საქართველოს საგარეო უწყება - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიხედვით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე და პარტნიორია
აშშ-ის სენატმა ქვეყნის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2020 ფისკალური წლის კანონპროექტის (NDAA FY20) საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ტექსტისგან განსხვავებით, 2020 წლის კანონპროექტში აშშ-საქართველოს თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა (Sec. 1246. SENSE OF SENATE ON UNITED STATES PARTNERSHIP WITH THE REPUBLIC OF GEORGIA), რაც საქართველოს მნიშვნელოვან როლზე მიანიშნებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, აშშ-ის მოკავშირედ და პარტნიორად მოიაზრება.
„დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ აგრძელებს საქართველოსთან მტკიცე და ურყევ სტრატეგიულ პარტნიორობას და ხელს შეუწყობს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატო-ს (NATO) ძალებთან თავსებადობას.
2019 წლის აქტთან შედარებით, 2020 წლის ტექსტი შეიცავს უფრო ძლიერ ფორმულირებებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სენატი ხაზს უსვამს შავი ზღვის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და მეტი ჩართულობის აუცილებლობას, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში ნატო-ს და სხვა მრავალეროვნული ფორმატის წვრთნების ჩატარების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების მნიშვნელობას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, უწყების ცნობით, ნიშანდობლივია, რომ კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით სენატის მტკიცე პოზიციას, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც საქართველოს, ისე ალიანსისთვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ აშშ-ის საკანონმდებლო დონეზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების გათვალისწინება კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას, ისევე, როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელობას.