ვლადიმერ კონსტანტინიდი - თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში
ვლადიმერ კონსტანტინიდი - თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში

აშშ-ის სენატის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2020 ფისკალური წლის კანონპროექტში საქართველოს მხარდაჭერა კიდევ უფრო მკაფიოდაა გამოხატული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინდმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების ცალკე ქვეთავით გამოყოფა მიანიშნებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროპული უსაფრთხოების ნაწილში.

„2020 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი გამოქვეყნდა. ეს სენატის ვერსიაა, რომელიც იმ ძირითად პრიორიტეტებს მიმოიხილავს, რომელიც ამერიკას, კონკრეტულად კი,  მისი თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტს მომავალი წლისთვის ექნება. ნიშანდობლივია, რომ 2020 წლის პროექტში კიდევ უფრო მკაფიოდაა გამოხატული ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა. როგორც ფორმულირებების დონეზე, ასევე მნიშვნელოვანია ფორმაც, კონკრეტულად ის, რომ აქტში საქართველო უკვე ცალკე ქვეთავშია გამოყოფილი და ცალკე ქვეთავშია განხილული ჩვენთან დაკავშირებული საკითხები, რაც უდაოდ მიანიშნებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან როლს ევროპული უსაფრთხოების ნაწილში“, – განაცხადა კონსტანტინიდიმ.

მისი განმარტებით, პირველ რიგში, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები საქართველოს განიხილავს როგორც მნიშვნელოვან მხარდამჭერს და პარტნიორს.

„დოკუმენტში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ამერიკა საქართველოსთან მტკიცე პარტნიორულ თანამშრომლობასა და სტრატეგიულ ურთიერთობებს აგრძელებს, ხელს უწყობს უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაგრძელებას. აღნიშნულია თავდაცვის სფეროში, კონკრეტულად ლეტალური თავდაცვის სფეროში ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერება, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს ნატო-სთან თავსებადობას.  შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში არის ხაზგასმული, რომ აქ უნდა გაძლიერდეს და ჩვენი მეტი ჩართულობა უნდა მოხდეს, საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით, არა მხოლოდ ნატო-ს არამედ სხვა ფორმატებშიც, უსაფრთხოების კუთხით წვრთნები ჩატარდება. მათი სიხშირე,  მასშტაბები უნდა გაიზარდოს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ამასთან, მისი თქმით, კიდევ ერთხელ ხაზგასმულია ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა.

„მთლიანობაში, ჩვენ შეგვიძლია, ეს დოკუმენტი შევაფასოთ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ დონეზე, ჩვენ მნიშვნელოვანი ადგილი გვიკავია შეერთებული შტატების პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

ამასთან, მისი განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი საბოლოო არ არის.

„ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს გახლავთ თავდაცვის კომიტეტის დოკუმენტი. როდესაც საბოლოო ჯამში შემაჯამებელი დოკუმენტი შეიქმნება, შემდეგ უკვე გამოიკვეთება კონკრეტულად რა ციფრებზეა საუბარი და მოცემულობა უფრო მკაფიო გახდება“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  აშშ-ის სენატმა ქვეყნის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2020 ფისკალური წლის კანონპროექტის (NDAA FY20) საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა. უწყება აღნიშნავს, რომ 2019 წლის ტექსტისგან განსხვავებით, 2020 წლის კანონპროექტში აშშ-საქართველოს თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა (Sec. 1246. SENSE OF SENATE ON UNITED STATES PARTNERSHIP WITH THE REPUBLIC OF GEORGIA), რაც საქართველოს მნიშვნელოვან როლზე მიანიშნებს.

დატოვე კომენტარი