საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხანძართან ბრძოლაში ბერძენი კოლეგებისადმი დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალურ მდივანს იანის კაპაკისს საბრძნეთში მასშტაბური ხანძრისას 60 ადამიანის დაღუპვის გამო უსამძიმრებს და ბერძენი კოლეგებისადმი დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს.
„საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ქართველი ხალხის სახელით, ნება მიბოძეთ გამოვხატო ღრმა მწუხარება მასშტაბური ხანძრის გამო, რომლის შედეგადაც სულ მცირე 60 ადამიანი გარდაიცვალა და რომელმაც უდიდესი ზარალი გამოიწვია.
ამ მძიმე წუთებში, ჩვენი ფიქრები არის ბერძენ ხალხთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელიც დაზარალდა ტრაგიკული შემთხვევის შედეგად. მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს ვუსურვებ გამძლეობასა და მორალურ სიმტკიცეს. ეჭვგარეშეა, რომ საბერძნეთი მამაცურად გადალახავს ძნელბედობის ჟამს.
გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, აღმოგიჩინოთ დახმარება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ძვირფასო გენერალურო მდივანო, გთხოვთ, მიიღეთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა“, – აღნიშნულია შალვა ხუციშვილის წერილში.