საქართველოს საფონდო ბირჟაზე ყველაზე დიდი მოცულობის, 300 მილიონი დოლარის ევროობლიგაცია განთავსდა
საქართველოს საფონდო ბირჟაზე ყველაზე დიდი მოცულობის, 300 მილიონი დოლარის ევროობლიგაცია განთავსდა

„თიბისი ბანკმა“ აშშ დოლარში დენომინირებული, 300 მილიონი დოლარის, ხუთ წლიანი ევროობლიგაცია გამოუშვა. ობლიგაცია ერთდროულად განთავსდა ირლანდიის საფონდო ბირჟასა (Euronext Dublin) და საქართველოს საფონდო ბირჟაზე A კატეგორიის ლისტინგში.

საფონდო ბირჟის ინფორმაციით, საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) ევროობლიგაციაზე 5.75 პროცენტს შეადგენს, რაც საქართველოდან გამოშვებულ ევროობლიგაციებზე ყველაზე დაბალი პროცენტია.

ევროობლიგაციის განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ განახორციელა.

„ეს განთავსება არის უპრეცედენტო შემთხვევა, როგორც საქართველოს საფონდო ბირჟის, ასევე ქართული საბანკო სექტორის ისტორიაში. აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული კაპიტალის ბაზრისთვის და საქართველოში საჯაროდ განთავსებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობას 88 პროცენტით ზრდის“, – აცხადებს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე.

„თიბისი ბანკის“ ევროობლიგაცია ამჟამად საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული ყველაზე დიდი მოცულობის ობლიგაციაა.

როგორც საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ფარესიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვანია იმით, რომ საქართველოს ისტორიაში პირველი ორმაგი ლისტინგის (Dual Listing) შემთხვევაა, როდესაც ერთი და იგივე ფასიანი ქაღალდი ერთდროულად ივაჭრება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ საფონდო ბირჟებზე.

„თიბისი ბანკის ევროობლიგაციის ორმაგი საჯარო განთავსებით შესაძლებელი ხდება საქართველოში აღნიშნული ფასიანი ქაღალდის შეძენა საქართველოს საფონდო ბირჟის და ქართული საბროკერო კომპანიების მეშვეობით. ჩვენი ვარაუდით, ეს და სხვა მსგავსი ტრანზაქციები, რომლებსაც მომავალში ველოდებით, მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივ ინვესტორთა ბაზას და ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას“, – განაცხადა გიორგი ფარესიშვილმა.