დანიის დედაქალაქში ძველი საფონდო ბირჟის შენობა დაიწვა
დანიის დედაქალაქში ძველი საფონდო ბირჟის შენობა დაიწვა

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ძველი საფონდო ბირჟის შენობა დაიწვა.

როგორც „ბიბისი“ წერს, მეჩვიდმეტე საუკუნის შენობა უამრავი თვითმხილველის თვალწინ გაეხვია ცეცხლის ალში, შემდეგ კი მისი შპილი მთლიანად ჩამოინგრა. გავრცელებული ცნობით, ადამიანებმა შენობიდან გამოსვლა დროულად შეძლეს.

მაშველები ცდილობდნენ, ისტორიული ნაგებობიდან ნახატები და იქ დაცული სხვა ხელოვნების ნიმუშები გამოეტანათ. როგორც დანიის კულტურის მინისტრმა, იაკობ ენგელ-შმიდტმა განაცხადა, ხანძარმა დანიის 400 წლის კულტურული მემკვიდრეობა გაანადგურა.

კოპენჰაგენში მდებარე ძველი საფონდო ბირჟის შენობა დანიის პარლამენტისა და სამეფო სასახლის სიახლოვეს მდებარეობს. 1625 წელს აშენებულ შენობაში ცეცხლის გაჩენის შემდეგ ახლომდებარე მოედნიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. „ბიბისის“ ცნობით, ისტორიულ შენობას ხანძრის გაჩენამდე რესტავრაცია უტარდებოდა. გავრცელებული ცნობით, ამჟამად შენობაში დანიის სავაჭრო პალატა იყო განთავსებული.