საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს ავსტრიაში ჩაატარებს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ზაფხულში კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გეგმავს – ეს ესტონეთის ნაკრებთან მოგების (2:0) შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა.
„ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ამის შესახებ ერთა ლიგისთვის საქართველოს ნაკრების მზადების გეგმებზე დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
„ერთა ლიგამდე ორ საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ. 5 ივნისს ამხანაგური მატჩი ლუქსემბურგთან გვქონდა დაგეგმილი. თუმცა, მანამდე კიდევ ერთი სპარინგის საშუალება გამოჩნდა და გადაწყდა, რომ პირველ ივნისს მალტას შევხვდებით. ეს მატჩი ავსტრიაში გაიმართება“, – ამბობს ვაისი.
ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველო 6 სექტემბერს ჩაერთვება. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილები გასვლაზე ყაზახეთს დაუპირისპირდებიან.