ვლადიმირ ვაისი - პოზიტივი დავინახოთ, უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით
ვლადიმირ ვაისი - პოზიტივი დავინახოთ, უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით

ესტონეთის ნაკრებთან მოგების (2:0) შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მედიას შეხვდა, სადაც განვლილი ორი შეხვედრა და ეროვნული გუნდის მზადება შეაფასა.

„ზედიზედ მეორე ამხანაგური მატჩი მოვიგეთ. ამჯერად, ჩვენი მეტოქე უფრო ძლიერი და ორგანიზებული გუნდი იყო, ვიდრე ლიტვა. დღეს უფრო მოკრძალებული ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ უამრავი მომენტი შევქმენით. მთავარი პრობლემა კი მათი რეალიზაციის დაბალი მაჩვენებელია“, – ამბობს ვაისი.

კითხვაზე, საქართველოს ნაკრები ორივე ამხანაგურ შეხვედრის მეორე ტაიმში მოდუნდა და ეს პრობლემა ერთა თასზე მოგვარდება თუ არა, სლოვაკმა სპეციალისტმა განაცხადა: „რატომ ვცდილობთ, რომ ყოველთვის ცუდი ვიპოვოთ. პოზიტივი დავინახოთ – მეორე ტაიმში როგორ მოვდუნდით, როდესაც არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით. თუმცა, ვიმეორებ, მათ ვერ ვიყენებთ. დღეს გოლის გარდა კიდევ 10 შანსი გვქონდა – 4 კაჭარავას, 2 ქვილითაიას, ყაზაიშვილს და ამის გამოსწორებაზე ვმუშაობთ.

როდესაც ცარიელ კართან დგახარ და ვერ გაიტან, მე ვერ გამოვიყენებ ამ მომენტებს ფეხბურთელების ნაცვლად. ეს ფეხბურთელის საქმეა და მან უნდა გაიტანოს გოლი“ – განაცხადა მან.