ანანიძის ტრავმაზე პასუხი ხვალ გახდება ცნობილი
ანანიძის ტრავმაზე პასუხი ხვალ გახდება ცნობილი

საქართველოსა და ლიტვის შეხვედრის მე-6 წუთზე დაშავებული ჯანო ანანიძის ტრავმის შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.

ტრავმის გამო, ფეხბურთელი მოედანს ვეღარ დაუბრუნდა.

„ჯვაროსნების“ ერთ-ერთი ლიდერი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენად სერიოზულია ჯანოს ტრავმა, ამაზე მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარ მწვრთნელს ვლადიმირ ვაისს ზუსტი პასუხი არ ჰქონდა – ნაკრების სამედიცინო პერსონალიც ჯერ ვერაფერს ამბობს.

თავდაპირველად იყო ვარაუდი, რომ 25 წლის ნახევარმცველს მუხლი გადაუბრუნდა. თუმცა, ახლახან ნაკრების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მხოლოდ ხვალ გახდება ცნობილი, სერიოზულია თუ არა მისი ტრავმა.

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი დიდი ხნის განმავლობაში იყო ტრავმირებული და მოედანს მხოლოდ წელს, თებერვლის ბოლოს დაუბრუნდა.