საქართველოს რადიო 94 წლისაა. 23 მაისი საქართველოს რადიოს დაბადების დღეა.
საქართველოს რადიომ მაუწყებლობა 1925 წელს დაიწყო, რომელიც დღეს პირველი ელექტრონული მედიასაშუალებაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში.
რადიო დაარსების დღიდან თავისი არსით საზოგადოებრივი იყო, რადგან საზოგადოების მოსაკრებლით არსებობდა.
საქართველოს რადიო მსმენელებს სიახლეებს ყოველ წელს სთავაზობს. რადიოს დაუბრუნდა თავისი ისტორიული სახელი – „საქართველოს რადიო“. წელს დასრულდება პროექტი, რომლის შედეგად საქართველოს რადიოს მოსმენა მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი. ასევე, გაუმჯობესდება გადაცემის ხარისხი. შეიცვალა რადიოსიხშირე და ახლა საქართველოს რადიოს მოსმენა დედაქალაქში FM 102.3 სიხშირეზეა შესაძლებელი. კენტ მეათედებიან სიხშირეზე გადასვლა აუდიტორიის უკეთ მოცვის მიზნით მოხდა (აშშ-იდან იმპორტირებული მანქანების უმრავლესობა იჭერს მხოლოდ კენტ მეათედებიან სიხშირეებს).
ასევე, შეიქმნა მობილური აპლიკაცია. მომხმარებლებს საქართველოს რადიოს აპლიკაციის გადმოწერა შეუძლიათ Play Store-იდან, დასახელებით „1tv საქართველოს რადიო“. რაც შეეხება App Store-ს, აპლიკაცია რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი.