საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რადიომაუწყებლობის ეფექტურობის გასაზრდელად 2018 წლის აგვისტოში დაიწყო პროექტი საქართველოს რადიო. პროექტის მიზნებია:
• რადიოს ეფექტურობის გაძლიერება
• რადიოს მოქნილობის გაზრდა და თანამედროვე ტენდენციებზე მორგება
• აუდიტორიის გაფართოება
o აუდიტორიის ასაკობრივი სპექტრის გაფართოება
o აუდიტორიის გაფართოება ავტომსმენელის ხარჯზე
o აუდიტორიის მიზნობრივი სეგმენტების მოცვა
o მაუწყებლობის ტერიტორების გაზრდა და ტექნიკური გაუმჯობესება
ამ პროექტის და რადიომაუწყებლობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, 2018 წლის 23 აგვისტოს დებულებაში შევიდა ცვლილებები და რადიო ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა.
აუდიტორიის გაფართოება პირველ რიგში მიზნობრივი აუდიტორიის ქვედა ზღვრის მნიშვნელოვან გაფართოებას და ავტომსმენელის მოთხოვნების მეტად გათვალისწინებას გულისხმობს. ამ მოთხოვნების საფუძველზე ჯერ კიდევ პროექტის დაწყებამდე, შეიქმნა ახალი პროგრამული მიდგომები. მის საფუძველზე გარკვეული ცვლილებები შევიდა პროგრამულ ბადეში, შეიქმნა ახალი გადაცემები და მოდიფიცირდა რამდენიმე არსებული პროგრამა.
2018 წლის 10 სექტემბრიდან ახალი მოთხოვნების შესაბამისი გადაცემები (ძირითადად ახალი და მოდიფიცირებული პროგრამები) სამაუწყებლო ბადეში განთავსდა. დარჩენილ თავისუფალ საეთერო ზოლებში შესაბამისი გადაცემების განთავსების მიზნით კი ამავე ბრძანების საფუძველზე კონკურსი გამოცხადდა.
2018 წლის 10 სექტემბრიდან ეთერში განთავსდა შემდეგი პროგრამები:
• საინფორმაციო გამოშვება
• პიკის საათი(დილის პროგრამა – შემეცნება, ინფორმაცია, მუსიკა, კულტურა)
• ღია სტუდია(საზოგადოებრივ-პოლიტიკური)
• საღამოს პიკის საათი(საზოგადოებრივ-პოლიტიკური)
• სახლისკენ(საღამოს პროგრამა – შემეცნება, ინფორმაცია, მუსიკა, კულტურა)
• ესტაფეტა(სპორტი)
• ჩვენი საქართველო(ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები)
• ჩაი ორისთვის(შემეცნება, მუსიკა, კულტურა)
• ჩაკრულო (მუსიკალურ-შემეცნებითი, კულტურა)
• სიმღერის გაკვეთილები(საგანმანათლებლო)
• დამოუკიდებლობის 1028 დღე(შემეცნებით-საგანმანათლებლო)
• ლიტერატურული საუბრები (შემეცნებით-საგანმანათლებლო)
• საუკეთესო წიგნები(შემეცნებით-საგანმანათლებლო)
• რადიოდრამა(კულტურა)
• სპექტაკლი(კულტურა)
ამ პროგრამების შერჩევისას გათვალისწინებული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტები და მიზნები.
საარჩევნო კამპანიის გათვალისწინებით, საინფორმაციო გამოშვება და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები საარჩევნო რეჟიმში მუშაობდნენ. ამას გარდა, რადიოეთერით გადაიცემოდა პირველი არხის პროექტი საპრეზიდენტო კანდიდატები პირველ არხზე – ხედვა და დებატები. ამ პროექტის ფარგლებში ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს თანაბრად დაეთმო ეთერი, აუდიტორიას კი საშუალება ჰქონდა, საპრეზიდენტო კანდიდატებს სამ სხვადასხვა ფორმატში გაცნობოდა:
• თითოეულ კანდიდატს საკუთარი ხედვის პრეზენტაციისთვის 10 წუთი დაეთმო 21:30 საათზე;
• გაიმართა დებატები კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ კანდიდატებს შორის;
• კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცათ, გამოეწვიათ ერთმანეთი დებატებში;
რადიოეთერით ასევე გადაიცემოდა კიდევ ერთი საარჩევნო პროექტი არჩევნები 2018.
2018 წლის სექტემბერში, ახალი პროგრამული ხედვისა და პროგრამული პრიორიტეტების გათვალისწინებით, კონკურსი გამოცხადდა შემდეგ მიმართულებებზე:
• ჯანსაღი ცხოვრების წესი
• სამომხმარებლო კონსულტაცია
• კულტურა – თეატრალური მიმოხილვა და კრიტიკა
• კულტურა – ორსაათიანი ყოველდღიური მუსიკალური პროგრამა, რომელიც კლასიკური, თანამედროვე, ქართული და უცხოური მუსიკის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად
• დილის გასართობი პროგრამა, რომელიც ყოველდღიურ დილის პროგრამის მსგავსად, ორიენტირებულია კულტურისა და შემეცნებითი თემატიკის მსუბუქი ფორმით მიწოდებაზე
• ყოველკვირეული მუსიკალური გადაცემები, რომელთა მიზანია „მსმენელის მუსიკალური გემოვნებისა და თვალსაწიერის გაზრდა, გართობა – დასვენება“
• შენი რადიო იდეა – მიმართულება სადაც პროექტების თემატიკა და ფორმატი შეუზღუდავი იყო
კონკურსში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ შეჩერებულ პროექტებში დასაქმებულ თანამშრომლებსაც. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და პროექტების მოსამზადებლად მაუწყებლის მხრიდან მათ ყველა შესაბამისი პირობა შეექმნათ. თანამშრომლებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენეს. მათმა უმეტესობამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო და ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე პროექტიც წარადგინა.
2018-2019 წლების სამაუწყებლო სეზონისთვის პროექტების შერჩევისას საკონკურსო კომისია ხელმძღვანელობდა მაუწყებლობის შესახებ კანონში გაწერილი შინაარსობრივი ვალდებულებებით და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტებით.
კონკურსი მიზნად ისახავდა ისეთი მაღალი ხარისხის რადიოპროდუქციის მიღებას, რომელიც დააკმაყოფილებდა აუდიტორიის ინტერესებს და შესაბამისობაში იქნებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მისწრაფებებთან. ცალკე აღსანიშნია სამიზნე აუდიტორიის გაფართოება ქვედა ასაკობრივი ზღვარის დაწევის ხარჯზე, ასევე ავტომსმენელის მოთხოვნების გათვალისწინება.
საბოლოო ჯამში შეირჩა 12 გამარჯვებული პროექტი (ერთი პროექტი შეირჩა შიდა კონკურსით ახალი და მიმდინარე ამბების სამსახურის ბაზაზე):
• მუსიკის-12-მოციქული (მუსიკალურ-შემეცნებითი)
• სი ბემოლ ვიტამინი (მუსიკალურ-შემეცნებითი)
• რადიოკალენდარი (კულტურა)
• აკუსტიკა (მუსიკალურ-შემეცნებითი)
• ისტორიის პოპ გაკვეთილები (მუსიკალურ-შემეცნებითი)
• არტნიუსი (კულტურა)
• ჩვენი ფერმა (საკონსულტაციო)
• დილის ექსპრესი (დილის მუსიკალურ-შემეცნებითი, გასართობი)
• უცნობი მუსიკა (მუსიკალურ-შემეცნებითი)
• მთელი ეს როკი (დილის მუსიკალურ-შემეცნებითი, გასართობი)
• ჯაზოფრენია (მუსიკალურ-შემეცნებითი)
• მსოფლიო ამბები (საზოგადოებრივ-პოლიტიკური)
საუკეთესოდ დასახელებული პროექტების წარმოება იწყება 2019 წლის იანვრიდან.
აღსანიშნავია, რომ ახალ პროგრამებზე მუშაობა გრძელდება, მათ შორის იმ მიმართულებებზეც, სადაც კონკურსის საფუძველზე გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.
პროგრამული ცვლილებების გარდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მაუწყებლობის წვდომის გაუმჯობესების კუთხით. საქართველოს რადიომ დაიწყო მაუწყებლობა ფოთში. გადამცემები განახლდა მესტიაში, ჭიათურასა და საჩხერეში.
ავტომსმენელთა უკეთ მოცვის მიზნით, დაიწყო კენტმეათედებიან სიხშირეებზე გადასვლა (აშშ-იდან იმპორტირებული მანქანების უმრავლესობა იჭერს მხოლოდ კენტმეათედებიან სიხშირეებს). კენტმეათედებიან სიხშირეებზე უკვე გადავიდა თითქმის ყველა გადამცემი, რომელთა სიხშირეების ცვლილება საერთაშორისო შეთანხმებებს არ მოითხოვს.
ასევე მიმდინარეობს გადამცემების RDS სისტემებით აღჭურვა. RDS სისტემები უზრუნველყოფს არხის ცნობადობას და ავტომობილის ერთი სამაუწყებლო ზონიდან მეორეში გადასვლის დროს ახალ სიხშირეზე ავტომატურ გადაყვანას.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან და ტელერადიოცენტრთან, რათა მომავალ წელს მაუწყებლობა მნიშვნელოვნად გაფართოვდეს და გაუმჯობესდეს.
რადიო პირველი არხის გადაცემების ჩამონათვალი
საზოგადოებრივი რადიო ფუნქციონირებს კონკურენტულ გარემოში, სადაც კომერციულ რადიოპროდუქციას ვუპირისპირებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებით/ღირებულებებით მომზადებულ პროგრამებს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რადიომაუწყებლობის ეფექტურობის გასაზრდელად 2018 წლის აგვისტოში დაიწყო პროექტი საქართველოს რადიო. ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი სხვადასხვა მიმართულების გადაცემებზე, რომლებიც ეთერში 2019 წლის იანვრიდან გავა. 2019 წლის საპროგრამო ბადეში გათვალისწინებულია გადაცემები, რაც გათვლილია აუდიტორიის გაფართოვებაზე – ახალი სამიზნე ჯგუფების მოზიდვაზე, ისე, რომ შეგვენარჩუნებინა არსებული აუდიტორია. ამისათვის ბადეში განთავსდება ფორმატები, სადაც შერწყმულია საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტული მიმართულებები ახალ ფორმატებთან.
საზოგადოებრივი რადიოს პროგრამული მიმართულებები; ბადეში მათი გადანაწილების პროპორცია; დროის სლოტების სიდიდე – ბადეში გადანაწილდა რადიომსმენელების მოთხოვნების და ქცევის გათვალისწინებით, იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გვიჩვენა რაოდენობრივმა კვლევამ. კვლევის მონაცემებმა საშუალება მოგვცა განგვესაზღვრა დროის ზოლები – სამიზნე ჯგუფების მიხედვით. ბადეში ასევე აისახა არსებული რეალობა ემპირიული დაკვირვების საფუძველზე.
ძირითადი მიმართულებები
ახალი ამბები და მიმდინარე მოვლენები: ინფორმაცია; საზოგადოებრივ პოლიტიკური
მედიაწარმოება : კულტურა , შემეცნება, საზოგადოება
გასართობი: მუსიკა; სპორტი
ახალი ამბები და მიმდინარე მოვლენები
• საინფორმაციო პროგრამა:
მოამბე
პერიოდულობა – ყოველ ნახევარ საათში
თემატიკა – საქართველოში და საზღვარგარეთ მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების ასახვა. პოლიტიკური მოვლენების განხილვისას შეფასებათა და პოზიციათა მრავალფეროვნების ჩვენება.
• საზოგადოებრივ პოლიტიკური:
თოქშოუს ჟანრის გადაცემები:
ღია სტუდია
პერიოდულობა – ყოველ სამუშაო დღეს
წამყვანები – გოგი ჩოკოშვილი, ირაკლი აბსანძე, მაკა ცინცაძე, თამარ ფიროსმანაშვილი, დავით პაიჭაძე
თემატიკა – საზოგადოებრივი და სოციალური თემატიკა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, გენდერი, ეკოლოგია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სხვა აქტუალური თუ მაუწყებლის პრიორიტეტული საკითხები. გადაცემა მსმენელს თემების ჩაღრმავებული ანალიზს სთავაზობს. გადაცემის წამყვანი და მოწვეული სტუმარი/ექსპერტი მიმოიხილავს და აანალიზებს მიმდინარე პროცესებს, რომ მსმენელებს საშუალება ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა შეიქმნან ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე: ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე.
ჩვენი საქართველო
პერიოდულობა – კვირაში ერთხელ
წამყვანები – კობა ჩოფლიანი, გიორგი გუგუშვილი
თემატიკა – საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება. სხვადასხვა ეთნოსებისა და რელიგიების კულტურა, ტრადიციები, დღესასწაულები, გამოწვევები, წარმატებები და საინტერესო თავისებურებები გადაცემაში „ჩვენი საქართველო“
ესტაფეტა
პერიოდულობა – ყოველდღე, კვირის გარდა
წამყვანი- ელენე ბილიხოძე
თემატიკა – პირდაპირ ეთერში სპორტულ სარბიელზე მიმდინარე მოვლენების შესახებ მოგითხრობთ.
მსოფლიოს ამბები
პერიოდულობა -კვირაში ერთხელ
წამყვანები- ლევან ახალაია
თემატიკა – მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების დაიჯესტი, მსოფლიო პოლიტიკის და ეკონომიკის მთავარი თემები. საქართველო მსოფლიოს ჭრილში.
კულტურა, შემეცნება, საზოგადოება
„ჩვენი ფერმა“
პერიოდულობა – კვირაში ორჯერ
წამყვანები – თამარ ბოლქვაძე, დემეტრე ერგემლიძე
თემატიკა – საინფორმაციო-საკონსულტაციო შინაარსის გადაცემა. გადაცემის მიზანია, მსმენელებს მიაწოდოს საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის შესახებ და ექსპერტთა საშუალებით გაუწიოს აგროკონსულტაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. გადაცემაში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის ექსპერტები, წამყვანი სპეციალისტები ისაუბრებენ მიმდინარე აქტუალურ თემებზე და უპასუხებენ პირდაპირ ეთერში რადიომსმენელთა მიერ დასმულ კითხვებს. სურსათის უვნებლობის სპეციალისტები და კვების ექსპერტები გაუწევენ კონსულტაციას მომხმარებელს ამა თუ იმ პროდუქტთან დაკავშირებით.
აკუსტიკა
პერიოდულობა -კვირაში სამჯერ
წამყვანები – მარიამ ბოლქვაძე, ვახტანგ ხვიჩია
თემატიკა – გადაცემის მიზანია მსმენელთა შემეცნებისა და თვალსაწიერის გაზრდა; მუსიკის მეშვეობით საზოგადოების ფასეულობებსა და ღირებულებებზე გავლენის მოხდენა; წარმოაჩინოს მუსიკა, როგორც კულტურათა გამაერთიანებელი ხელოვნების ფორმა; ეთნიკურ უმცირესობათა მუსიკალური ტრადიციების წარმოჩენა, კულტურული დიალოგის გაღრმავება. სხვადასხვა ეროვნების კულტურული მემკვიდრეობის შემეცნება და საერთო კულტურულ ღირებულებად წარმოჩენა. გააცნოს ქართული და მსოფლიოს ქვეყნების თანამედროვე მუსიკაში მიმდინარე მოვლენები, სიახლეები, ასევე დასავლური პოპმუსიკისა და სხვადასხვა ჟანრის ისტორია.
ისტორიის პოპ გაკვეთილები
პერიოდულობა – კვირაში ორჯერ
წამყვანი – გიორგი ხადური
თემატიკა – გადაცემა, რომელიც მსმენელებს აცნობს, როგორ ირეკლებოდა მუსიკაში სოციალურ-კულტურული თუ პოლიტიკური ბექგრაუნდი. რატომ და როგორ გაჩნდა სუბკულტურა და კონტრკულტურა, რა დატვირთვა აქვს და რატომ არის მნიშვნელოვანი. კლასიკური თუ ეთნიკური მუსიკა, როგორ ფორმებს იღებდა ის სხვადასხვა ქვეყანაში და რა მახასიათებლებით გამოირჩეოდა.
„მუსიკის თორმეტი მოციქული“
პერიოდულობა – კვირაში ორჯერ
წამყვანები – დავით ევგენიძე, გიორგი გაფრინდაშვილი
თემატიკა – შემეცნებით – მუსიკალური გადაცემა. გადაცემის მიზანია, პოპულარული ენით ქართული და უცხოური მუსიკის, მუსიკალური ჟანრების პოპულარიზაცია. გააცნობენ რადიომსმენელებს მუსიკის არსს, მუსიკალური ინსტრუმენტების შექმნის და განვითარების ისტორიას. მუსიკას თეატრში და კინოში.
არტნიუსი
პერიოდულობა – კვირაში ერთხელ
წამყვანი – თამარ დადიანიძე-იმნაძე
თემატიკა – გადაცემის მიზანია გააცნოს რადიომსმენელებს ინფორმაცია ქართული და უცხოური კულტურული მოვლენების შესახებ: თეატრის, კინოს, წიგნების, მხატვრობის, მუზეუმების, არქიტექტურის, დიზაინის, მოდის, ცეკვის, ფოტოხელოვნების, ინსტალაციის, პერფორმანსის, სტრიტარტისა თუ მათზე დაწერილი სტატიებისა და რეცენზიების შესახებ. კვირის მნიშვნელოვან მოვლენაზე ხელოვნებათმცოდნეების შეფასებებს, ხელოვანების მოსაზრებებს. უცხოეთის კულტურის სიახლეებს. გადაცემა რადიომსმენელებს გააცნობს ახალგაზრდა შემოქმედებს, ნოვატორულად მოაზროვნე არტისტებს.
რადიოკალენდარი
პერიოდულობა – კვირაში ერთხელ
წამყვანი – ილია თავბერიძე
თემატიკა – გადაცემა ეძღვნება მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებსა და თარიღებზე. გამოყენებული იქნება აუდიოჩანაწერები რადიოს ოქროს ფონდიდან, რომლის მიხედვით მომზადდება სპეციალური რეპორტაჟები. მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები, რომელიც მეოცე საუკუნეში რადიოს მსმენელებისთვის იყო შეთავაზებული.
უცნობი მუსიკა
პერიოდულობა – კვირაში ერთხელ
წამყვანი – კახა თოლორდავა
თემატიკა – მუსიკალურ-კულტუროლოგიური გადაცემა. მაქსიმალურად წარმოაჩინოს კავშირი მუსიკასა და იმ საზოგადოებების მსოფლმხედველობას შორის, რომლის სიღრმეშიც იქმნებოდა ის. აკუსტიკური ხელოვნების ამ სახით წარმოდგენა საშუალებას აძლევს გადაცემას, არ შემოიფარგლოს მხოლოდ მუსიკოლოგიური ელემენტებით და უფრო თვალნათელი გახადოს ის მექანიზმები, რომლებიც ამა თუ იმ მუსიკალური ფენომენის წარმოქმნას უწყობდნენ ხელს.
ჯაზოფრენია
პერიოდულობა – კვირაში ერთხელ
წამყვანი – ლადო ტატიშვილი
თემატიკა – გადაცემა კონკრეტულ მიმდინარეობაზე, შემსრულებელზე, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე და მათ ისტორიაზე – თუ როგორ დამკვიდრდნენ ჯაზ მიმდინარეობაში. ჯაზი და ლიტერატურა, ჯაზი და მხატვრობა, ჯაზი და პოლიტიკა, ჯაზი და დიქტატურა, თანამედროვე ყოფა და ჯაზის ტენდენციები.
რადიოექსპრესი
პერიოდულობა – კვირაში ორჯერ, შაბათ-კვირას
წამყვანები – მედეა იმერლიშვილი, გიორგი გობრონიძე
თემატიკა – გადაცემის მიზანია, მსმენელს დინამიური, სახალისო, საინტერესო თემებით, დილიდანვე სასიამოვნო და ხალისიანი განწყობილება შეუქმნას და პოზიტიურად განაწყოს. მრავალფეროვანი თემები, რომლებსაც გადაცემა მსმენელს შესთავაზებს, მოიცავს როგორც ქვეყანაში, ისე მსოფლიოში მიმდინარე კულტურულ და საზოგადოებრივ მოვლენებს. გადაცემაში მნიშვნელოვანი დრო დაეთმობა მუსიკას.
მთელი ეს როკი
პერიოდულობა – კვირაში ერთხელ
წამყვანები – შავლეგ გეგეჭკორი, გიორგი გობრონიძე
თემატიკა – როკმუსიკის ჩამოყალიბების ისტორია, მისი დღევანდელობა, მიმართულებები, შემსრულებლები, განვითარების ტენდენციები. პირველი გადაცემები მიეძღვნება როკის საფუძვლებს, შემდგომში კი როკის ისტორიას განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულების
სი ბემოლ ვიტამინი
პერიოდულობა – კვირაში ორჯერ
წამყვანი – ხათუნა კობერიძე
თემატიკა – მუსიკალურ-გასართობი გადაცემა, ყველა დროისა და ჟანრის საუკეთესო მუსიკის (ჯაზი, პოპი, როკი, სოული, ფოლკი, კლასიკა, ელექტრონული , ქალაქური და სხვა) ნიმუშები, მათი პირველადი, ორიგინალური და დამუშავებული, საინტერესო, უცხო ვერსიები. ახალი ჩანაწერები.
პიკის საათი
პერიოდულობა – ყოველ სამუშაო დღეს
წამყვანები – გიორგი სუხიტაშვილი, ლანა ბლიაძე, სოფიო გოდუაძე, ნიკოლოზ ლობილაძე, ბარბარე ბენაშვილი, ელენე ბილიხოძე
თემატიკა – მრავალფეროვანი დილა, საინტერესო სტუმრებით, თემებით და სიუჟეტებით. პიკის საათი ყოველთვის ცდილობს, იყოს თქვენს გვერდით დედაქალაქშიც და ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, სადაც საინტერესო ამბები ხდება. გადაცემაში ინტეგრირებულია ისეთი თემები, როგორიცაა ეკოლოგია, განათლება და მეცნიერება, სპორტი, ადამიანის უფლებები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ასევე გენდერის საკითხები.
სახლისკენ
პერიოდულობა – ყოველ სამუშაო დღეს
წამყვანები – ქეთი ელიეშვილი, დავით ველიჯანაშვილი, ანა თაკალანძე, ლუკა ჭოჭუა
თემატიკა – პროგრამა გაგაცნობთ დღის მნიშვნელოვან მოვლენებს, ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ სიახლეებს, შემოგთავაზებთ მუსიკას, რომელიც საინტერესო სტუმართან თუ ინფორმაციასთან ერთად შეგიმსუბუქებთ დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს სახლისკენ მიმავალ საცობებიან გზას, სახლში მყოფებს კი ოჯახური საქმეების შესრულების პარალელურად დროს აზრიანად გაგატარებინებთ და პრობლემებს ხალისით დაგანახებთ. გადაცემაში ინტეგრირებულია ისეთი თემები, როგორიცაა ეკოლოგია, განათლება და მეცნიერება, სპორტი, ადამიანის უფლებები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ასევე გენდერის საკითხები.
ქართული კლასიკური მწერლობა
პერიოდულობა – კვირაში ერთხელ
წამყვანი – თამაზ ტყემალაძე
თემატიკა – ცნობილი ჟურნალისტი და ლიტერატორი თამაზ ტყემალაძე საზოგადოებას გააცნობს ქართველი კლასიკოსი მწერლებისა და პოეტების ცხოვრებას და მათ შემოქმედებას, ისეთ დეტალებს რაც ბევრმა არ იცის. მოგიყვებათ ცნობილი და ნაკლებად ნაცნობი ნაწარმოებების შესახებ. დაგამგზავრებთ ქართულ ლიტერატურას, რომელიც შორეულ წარსულში იღებს სათავეს და დღემდე გრძელდება.
ჩაკრულო
პერიოდულობა – კვირაში ერთხელ
წამყვანები – ლალი სეთურიძე, დავით ცინცაძე, მიხეილ ჯავახიშვილი
თემატიკა – კიდევ ერთხელ აზიარებს მსმენელს ლეგენდად ქცეული მომღერლების ხელოვნებას, სთავაზობს მათ შემოქმედებით პორტრეტებს, თითოეული სიმღერის წარმოშობის ამბავს, ხალხური პოეზიის ნიმუშებს.
ხალხური სიმღერის გაკვეთილები
პერიოდულობა – კვირაში ერთხელ
წამყვანები – დავით ცინცაძე, მიხეილ ჯავახიშვილი
თემატიკა – გადაცემაში მოვიწვევთ ქართული ხალხური/ტრადიციული მუსიკის შემსრულებელ გამოცდილ საოჯახო ჯგუფებსა და ანსამბლებს. მათი დახმარებით მსმენელი/მაყურებელი შეძლებს შეისწავლოს ქართული სიმღერის გამორჩეული ნიმუშები.
ჩაი ორისთვის
პერიოდულობა – კვირაში ორჯერ
წამყვანები – შავლეგ გეგეჭკორი, ლადო ტატიშვილი
თემატიკა – შემეცნებით-გასართობი თოქ-შოუ შაბათს და კვირას ბევრი საინტერესო რუბრიკით, გემოვნებიანი კლასიკური და თანამედროვე მუსიკით, ვიქტორინით, მოწვეული სტუმრებითა და მსმენელთა სატელეფონო ჩართვებით.
კლასიკა ყველასთვის
პერიოდულობა – ყოველ სამუშაო დღეს
წამყვანები – მარიკა ჩიჯავაძე, ლიანა ხორბალაძე
თემატიკა – მუსიკალური პროგრამის მიზანია, მსმენელის რაც შეიძლება ფართო წრეებისთვის მისაწვდომი გახადოს კლასიკური მუსიკა. ამისთვის შეირჩევა მეტ-ნაკლებად პოპულარული ნაწარმოებები, ან ფრაგმენტები დიდი ფორმის ნაწარმოებებიდან. მათ თან დავურთავთ მცირედ კომენტარებს, მოვყვებით მათი შექმნის, ან შესრულების ისტორიებს, ვისაუბრებთ შემსრულებლებზე. გვექნება ბლიცინტერვიუები, მოკლე სატელეფონო ჩართვები განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოვლენებზე, მცირე რეპორტაჟები კონცერტებიდან.
საუკეთესო წიგნები
პერიოდულობა – კვირაში ერთხელ
წამყვანი – ბასა ჯანიკაშვილი
თემატიკა – გადაცემის მიზანია წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაცია. „საუკეთესო წიგნები“ ხელს შეუწყობს მსმენელში წიგნის მიმართ ინტერესის გაზრდას, კითხვის კულტურის ჩამოყალიბებასა და წიგნიერების დონის ამაღლებას.
რადიოთეატრი
პერიოდულობა – კვირაში ერთხელ
თემატიკა – უნიკალური ჟანრი, რომელიც მხოლოდ საქართველოს რადიოში აგრძელებს არსებობას და რომელიც 65 წელზე მეტს ითვლის. ახალი და ორიგინალური რადიოპიესების მიხედვით შექმნილი რადიოსპექტაკლები. პროექტი ემსახურება თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას.
რადიოსერიალი
პერიოდულობა – ყოველდღე
თემატიკა – თანამედროვე მწერლების რადიოპიესების, აგრეთვე კლასიკოსების ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი რადიოსერიალი.